ირაკლი ღარიბაშვილი - აღარ მინდა, ამდენი ვილაპარაკო პატიმარ სააკაშვილზე, რომელიც ჩამოვიდა დესტაბლიზაციისა და მკვლელობებისთვის, ჩვენ ეს დიდი განსაცდელი ავარიდეთ ქვეყანას
ირაკლი ღარიბაშვილი - აღარ მინდა, ამდენი ვილაპარაკო პატიმარ სააკაშვილზე, რომელიც ჩამოვიდა დესტაბლიზაციისა და მკვლელობებისთვის, ჩვენ ეს დიდი განსაცდელი ავარიდეთ ქვეყანას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახლა საჭიროა სიმშვიდე, მშვიდად უნდა ჩაატარონ არჩევნების მეორე ტური და ქვეყანამ გაიმარჯვოს.

ღარიბაშვილის თქმით, მას აღარ სურს, პატიმარ მიხეილ სააკაშვილზე ამდენი ისაუბროს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ახლა საჭიროა საქმეზე კონცენტრირება.

„მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ყველას გვჭირდება სიმშვიდე. ჩვენ უნდა ჩავატაროთ მშვიდად მეორე ტური, არჩევნები, დავასრულოთ ეს არჩევნები, ყველამ გაიმარჯვოს, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება. მე აღარ მინდა, უბრალოდ პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი. საკმარისია, მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა, ძალიან ბევრი ემოციაც დავხარჯეთ, საქმეზე არის კონცენტრირება ახლა საჭირო. პატიმარი სააკაშვილი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა, მათ შორის ძალიან მძიმე დესტაბილიზაცია, მათ შორის მკვლელობების განხორციელებაც, თუ რა თქმა უნდა, ისე განვითარდებოდა, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს დიდი განსაცდელი, პროვოკაცია ავარიდეთ ქვეყანას, მოსახლოებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.