ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტრომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმართულებით რამდენიმე პროექტი დაიწყო
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტრომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმართულებით რამდენიმე პროექტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმართულებით რამდენიმე პროექტი დაიწყო.

ღარიბაშვილის თქმით, ერთ-ერთი პროექტია რეგიონში სპეციალური ოპერაციული ძალების ახალი, თანამედროვე ბაზის მშენებლობა.

„მინდა, თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით რამდენიმე პროექტი გამოვყო. მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით. პირველი იქნება სპეციალური ოპერაციული ძალების ახალი, თანამედროვე ბაზის მშენებლობა. ჩვენი სურვილია, რომ რეგიონში ეს იყოს ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო ბაზა, ე.წ მუხროვანის ბაზა. დაწყებულია სამუშაოები, მაგრამ ძალიან დიდი მასშტაბის სამუშაოებზეა საუბარი, მაქსიმუმ მომდევნო ორ-სამ წელიწადში დასრულდება და გვექნება ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო, სამაგალითო, თანამედროვე სამხედრო ბაზა, სპეციალური ოპერაციების ბაზა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ქუთაისის მსგავსად, კადეტთა სამხედრო ლიცეუმი თბილისშიც, კრწანისის რაიონში აშენდება.

„მოგეხსენებათ, ერთი კადეტთა ლიცეუმი უკვე არსებობს ქუთაისში, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში და გვინდა, ანალოგიური კადეტთა ლიცეუმი ავაშენოთ თბილისში, კრწანისის რაიონში და ეს იქნება ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის მნიშვნელოვანი, საგანმანათლებლო ცენტრი. მსგავსი ლიცეუმი, როგორც უკვე აღვნიშნე, ქუთაისში მუშაობს წარმატებულად და იქნება თბილისში. გახსოვთ, რომ გვქონდა იდეა და კოვიდის დროს შევაჩერეთ ეს პროექტი, სამხედრო ლიცეუმის კონცეფციაზე დავიწყეთ მუშაობა და მივიყვანოთ ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.