ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ოპონენტები უპასუხისმგებლოდ საუბრობენ და ცდილობენ, ინფლაციასთან დაკავშირებით მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ოპონენტები უპასუხისმგებლოდ საუბრობენ და ცდილობენ, ინფლაციასთან დაკავშირებით მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებული კრიზისების ფონზე, როგორიცაა პანმდემია, პოსტპანდემიური პერიოდი და ახლა უკვე ომი უკრაინაში, ქვეყანაში ინფლაციის დონე მაღალია.

თუმცა, ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ამ ყველაფერს გააზრებით ეკიდება და იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რათა მიაღწიონ ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ოპონენტები უპასუხისმგებლოდ საუბრობენ და ცდილობენ, მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ. პრემიერმა ოპონენტებს წინა ხელისუფლების პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი შეახსენა.

„კრიზისების ფონზე – კოვიდპანდემია, პოსტპანდემიური პერიოდი, ახლა უკვე ეს კრიზისი და ომი, ეს უბედურება ევროპაში, უკრაინაში – თებერვალში ინფლაციის დონემ 13,7% შეადგინა, რაც, რა თქმა უნდა, მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ ამას ძალიან გააზრებულად ვუდგებით. მე არ მინდა, კიდევ შედარება გავაკეთო წინა მთავრობასთან, წინა ხელისუფლებასთან, მაგრამ ვინაიდან ოპონენტები ასე უპასუხისმგებლოდ საუბრობენ, ცდილობენ, მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ, მინდა, მათ შევახსენო, რომ მათ პერიოდში, 2011 წლის მაისში წლიური ინფლაცია იყო 14,3%, იმავე წლის მარტში 13,9 %, აპრილში 13,5%, უფრო ადრეც ინფლაცია შეადგენდა 14,5%-ს, მაგალითად,  2006 წელს. და წინა ხელისუფლების დროს საშუალო, წლიური ინფლაცია, შეწონილი ინფლაცია იყო 6,2%, მაშინ როდესაც ჩვენი მთავრობის ამ 9-წლიან პერიოდში 4,1% საერთო, შეწონილი ინფლაცია.

ასე რომ, ამას ყველაფერს სჭირდება კარგად გააზრება. ჩვენ გვესმის და ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია. სწორედ ამ მიზნით იყო გადადგმული ის ნაბიჯები, რაც ჩვენ გადავდგით. იგივე მედიკამენტების გაიაფება, კომუნალურების ხარჯების, დენის ტარიფის ნაზარდის სუბსიდია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ასეთი გამოწვევა მსოფლიოს არ ჰქონია, ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში – უკრაინაში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი. ამ ფონზე, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ჩვენ ვცდილობთ, როგორ მივაღწიოთ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. ამ მიზნით, მე დავავალე ეკონომიკურ გუნდს, რომ გვსურს, აპრილში დავიწყოთ მშენებლობის წახალისება და ეკონომიკურ გუნდს უკვე მზად აქვს პროექტები ამის თაობაზე. გვინდა, აპრილიდან ინტენსიურად დავიწყოთ დასაქმების პროგრამა და ბევრი სხვა ნაბიჯი, რომელიც მკვეთრად გააუმჯობესებს ქვეყანაში ვითარებას. აქვე, მინდა, შევახსენო მოსახლეობას, ძვირფას მოქალაქეებს, რომ საწვავის ფასების მიხედვით, 21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის ლიტრი ბენზინის სიიაფით 71-ე იყო საქართველო. 99 ქვეყანაში არის უფრო ძვირი საწვავი, ბენზინი, ვიდრე საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.