ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბარი არ ჰქონია
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბარი არ ჰქონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

ღარიბაშვილის თქმით, საქმე ეხება წმინდად ინვესტორისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას.

ამავდროულად, მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ყველა ინვესტორს შეუქმნიან  მაქსიმალურ კომფორტს სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით.

„რაც შეეხება კითხვას, მქონდა თუ არა კომუნიკაცია პრეზიდენტ ერდოღანთან, ჩვენ არ გვქონია ამის თაობაზე კომუნიკაცია, ეს არის წმინდად ინვესტორისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. ჩვენ ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, მეორე მხრივ, ყველა ინვესტორს შევუქმნით მაქსიმალურ კომფორტს ბუნებრივია, ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. მინდა, ასევე ვთქვა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება, მეტი ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში და ჩვენ ამ მიმართულებით არავითარ პრობლემას, დაბრკოლებას არ ველოდებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის მიერ 22 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენი კომპანიის შვილობილმა, ENKA Renewables-მა საქართველოს სახელმწიფოსთან 2019 წლის 25 აპრილს ხელი მოაწერა ნამახვანის კასკადის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების, მშენებლობის, მართვისა და ექსპლუატაციის შეთანხმებას, რომელიც უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. კომპანია ატყობინებს საქართველოს სახელმწიფოს ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების დარღვევისა და ფორსმაჟორის გამო“, – აღნიშნულია კომპანია „ენკას“ განცხადებაში.