ირაკლი ღარიბაშვილი - 2022 წლის ბიუჯეტში დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად გათვალისწინებული გვაქვს 114 მილიონი ლარი
ირაკლი ღარიბაშვილი - 2022 წლის ბიუჯეტში დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად გათვალისწინებული გვაქვს 114 მილიონი ლარი

2022 წლის ბიუჯეტში დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად გათვალისწინებული გვაქვს 114 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტი 2022 წელს განსაზღვრულია 500 მილიონი ლარით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის კი, დამატებით 300 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროების დაფინანსებაზეც ისაუბრა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 105 მილიონ ლარს, გაზრდილია დაახლოებით 16 მილიონი ლარით. ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 912 მილიონ ლარს და გაზრდილია 290 მილიონი ლარით. მოგეხსენებათ, რომ აქედან დაახლოებით 300 მილიონი ლარი მიემართება „აწარმოე საქართველოს“ პროექტებისთვის და განვითარებისთვის. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 2,8 მილიარდ ლარს და აქედან დაახლოებით 430 მილიონ ლარზე მეტით არის გაზრდილი ბიუჯეტი. იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 310 მილიონ ლარს და გაზრდილია 14 მილიონი ლარით. საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 176 მილიონი ლარია, თითქმის 6 მილიონ ლარამდე გავზარდეთ. თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს მილიარდ ლარს, გაზრდილია 72 მილიონით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 865 მილიონ ლარია, გაზრდილი გვაქვს 85 მილიონი ლარით. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 6 მილიარდ ლარზე მეტს. შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბიუჯეტი შეადგენს 3 მილიონ ლარს, გაზრდილია დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარით. გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 593 მილიონ ლარს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 1,64 მილიონ ლარს, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 357 მილიონ ლარს. ასევე შედარებისთვის გეტყვით, რომ 2022 წლის მთლიანი ვალი შეადგენს 60%-ს მშპ-სთან მიმართებით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი, მთლიანი ეკონომიკა შეადგენდა 58,5 მილიარდ ლარს, ანუ გამოდის, რომ 6,5 მილიარდი ლარით ჩვენ შევძელით მთლიანი შიდა პროდუქტის, მთელი ეკონომიკის გაზრდა, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მიღწევაა, მით უმეტეს, პანდემიის ფონსა და ამდენი კრიზისების ფონზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.