ირაკლი ღარიბაშვილი - 2021 წელს საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი მაჩვენებელი არასოდეს ყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი - 2021 წელს საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი მაჩვენებელი არასოდეს ყოფილა

2021 წელს საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არის მაქსიმუმი, ასეთი მაჩვენებელი არასოდეს ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2012 წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 360 პროცენტით არის გაზრდილი.

„მინდა, რამდენიმე შედარებითი მაგალითი მოვიყვანო – 2012 წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 360 პროცენტით არის გაზრდილი. ასევე 2012 წელს, ექსპორტით მიღებული შემოსავალი თუ იყო 71 მილიონი დოლარი, შარშან იყო 250 მილიონი ამერიკული დოლარი. ამხელა სხვაობაა ამ 8-9 წელიწადში, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ასევე, საანგარიშო პერიოდში, ესპორტირებულია 42 მილიონი ბოთლი ბრენდი, რაც 30%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 550%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 78 მილიონ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, 2012 წელს ეს იყო მხოლოდ 20 მილიონი დოლარი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 441 ქართული კომპანია ახორციელებს ღვინის ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2012 წელს ექსპორტს მხოლოდ 100 კომპანია აწარმოებდა.

„მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი კომპანია დაემატა და 441 ქართული კომპანია ახორციელებს ღვინის ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. შედარებისთვის, 2012 წელს სულ იყო 100 ექსპორტიორი კომპანია.

ჯამურად, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 400 მილიონ დოლარამდე შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან და 142%-ით მეტია 2012 წელთან შედარებით, მაშინ იყო 163 მილიონი დოლარი. ეს არის რეალური განსხვავება, რაც ჩვენი მთავრობის ძალისხმევით იქნა მიღწეული და ასევე „ქართული ოცნების“ მიერ 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩვენ მიერ დაწყებული გონივრული პოლიტიკით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი