ირაკლი ღარიბაშვილი - 2019 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, თითქმის 70%-ით არის აღდგენილი ტურიზმი, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა
ირაკლი ღარიბაშვილი - 2019 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, თითქმის 70%-ით არის აღდგენილი ტურიზმი, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ზოგადად, ტურისტების რაოდენობა დღითიდღე იზრდება ქვეყანაში. ძალიან ბევრი ტურისტი შემოდის, ბათუმი კი არის ერთ-ერთი ვარსკვლავი ამ მიმართულებით. თორნიკე რიჟვაძე ახლა ლონდონში იმყოფება ამ საქმეზე და ზოგადად სხვა საინვესტიციო რეფორმებთან და პროექტებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთში, გურიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბათუმში მსოფლიო მოგზაურობის ჯილდოს ღონისძიების ჩატარებას შეეხებოდა.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი პროექტების დაწყებას ვგეგმავთ აჭარის რეგიონშიც, გურიაშიც, ყველგან და ამ მიზანს ემსახურება თორნიკეს ვიზიტი ლონდონში და არა მხოლოდ“, – აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სასიხარულოა, რომ ტურიზმის აღდგენა პრაქტიკულად ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს და ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

„ძალიან გვიხარია, რომ ტურიზმის აღდგენა პრაქტიკულად ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს, თუ შევადარებთ 2019 წლის მონაცემებს, თითქმის 70%-ით არის აღდგენილი ტურიზმი და ეს ძალიან სასიხარულო მონაცემებია. ასევე, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. თუ შევხედავთ, რა ხდება ზოგადად მსოფლიოში და აღარ მაქვს საუბარი, უბედურებაზე რაც ხდება უკრაინაში, დამანგრეველი ომი და ომის შედეგებით გამოწვეული ეს უბედურება, ეს ნეგატიური ტალღა, რომელიც მთელს ევროპაში, მთელს მსოფლიოში ვრცელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვახარებს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ეს შემთხვევით არ ხდება მეგობრებო, ეს არის სწორედ ჩვენი გააზრებული, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, რომ ერთის მხრივ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა და გრძელვადიანი სტაბილურობა და მეორეს მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, რეგიონების განვითარებას, გამოცოცხლებას, ტურიზმს, ვაჭრობას და ა.შ. ამიტომ ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება. ისეთი მავნებლური და მადისკრედიტებელი საუბარი, რომელიც მომდინარეობს ოპოზიციისგან, ეს არის დამაზიანებელი მეგობრებო, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, არ შეიძლება საუბარი ასე, რომ „ვიღაცის სასამართლო“, ეს ჩვენი, თქვენი სასამართლოა, გამიგეთ?! და ამაში ჩვენმა ხალხმა უამრავი, უზარმაზარი რესურსი ჩადო, ამიტომ ეს ყველაფერი უნდა დავაფასოთ, პროგრესი რაც იქნა მიღწეული ეს უნდა დავინახოთ და ჩვენ რა თქმა უნდა, მივდივართ წინ,“- აღნიშნა პრემიერმა.