ირაკლი გედენიძე - ფოტოგრაფების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელ განაჩენს ველოდებით
ირაკლი გედენიძე - ფოტოგრაფების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელ განაჩენს ველოდებით

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ფოტოგრაფების საქმის გადასინჯვა ფინალურ ეტაპს უახლოვდება. 2011 წელს დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ ფოტორეპორტიორების, ნათია და ირაკლი გედენიძეების, ზურაბ ქურციკიძის და გიორგი აბდალაძის საქმეზე პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელი განაჩენით შეცვლას ითხოვს.

სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავს, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით, დამნაშავედ ცნეს.

ირაკლი გედენიძის განცხადებით, იმედი აქვთ, რომ უახლოეს მომავალში სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოაცხადებს.

„ერთ-ერთი ბოლო პროცესი იმართება. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოაცხადებს. ფოტოგრაფების საქმეზე ჯერ გამოძიების დაწყება ვერ ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში. შემდეგ უკვე დროში გაჭიანურდა, დიდი სამუშაო ჩატარდა. დღეს უკვე სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელ განაჩენს ველოდებით“,- განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

მთავარი პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების მიმართ შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლას ითხოვს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურამ საქმე 2016 წლის ივნისში გახსნა. სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია მსჯავრდებული. ასევე, დაუსწრებლად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს.