ირაკლი გედენიძე - ჩვენი საქმე იქნება მაგალითი, რომ სიმართლე ყოველთვის დგინდება და დაუსჯელი არასოდეს არავინ რჩება
ირაკლი გედენიძე - ჩვენი საქმე იქნება მაგალითი, რომ სიმართლე ყოველთვის დგინდება და დაუსჯელი არასოდეს არავინ რჩება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ე.წ. ჯაშუშობის საქმის გადასინჯვის პროცესი მიმდინარეობს, 2011 წელს დაკავებულმა და შემდეგ გათავისუფლებულმა ფოტორეპორტიორებმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს, რის შემდეგაც კოლეგია სათათბიროდ გავიდა.

ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძის განცხადებით, მათ სრული ჯოჯოხეთი გამოიარეს.

„იმის იმედი გვაქვს, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებთ. დიდი სამუშაო ჩაატარა პროკურატურამ. რამდენი რამ დაგვაბრალეს და მტკიცებულებაც არ იყო საქმეში. იმედი გვაქვს, რომ გაგვამართლებთ. მიიღებთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რასაც ამდენი წელია, ველოდებით“, – აღნიშნა გიორგი აბდალაძემ.

სასამართლოს ასევე მიმართა ფოტორეპორტიორმა ნათია გედენიძემ.

„მე ემოციების გარეშე ამ საკითხს ვერ უდგები. ვერც ერთი წელი ამას ვერ ჩრდილავს. იმედი მაქვს, ეს დღე მომცემს საშუალებას, ის, რაც მე მომადგა და როგორც მიიღეს ჩვენება ჩემგან, ეს გააბათილოს სასამართლომ. მინდა, დღევანდელი დღე იყოს იმის საწყისი, ის დრო მიეცეს დავიწყებას“, – განაცხადა ნათია გედენიძემ.

ირაკლი გედენიძის განცხადებით, ე.წ. ჯაშუშობის საქმე ისტორიას მაგალითის სახით უნდა დარჩეს.

„რა თქმა უნდა, ველოდებით დადებით გადაწყვეტილებას, თუმდაც იმიტომ, რომ ეს იყოს მაგალითი, რომელიც ისტორიას დარჩება, რომ სიმართლე ყოველთვის დგინდება და დაუსჯელი არასოდეს არავინ რჩება“, – აღნიშნა გედენიძემ.

სააპელაციო სასამართლო ფოტორეპორტიორების საქმეზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღესვე გამოაცხადებს.