ირაკლი ფურცელაძე საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ბავშვთა კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ამ კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის საკითხებსაც. ყურადღება გამახვილდა იმუნიზაციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ელექტრონული სისტემების, ვირუსული ჰეპატიტების, გარემოს ჯანმრთელობის და ტყვიის ზედამხედველობის საკითხებზე.
„იზაბელა კასტროჯოვანიმ დადებითად შეაფასა ცენტრის მუშაობა ბავშვთა დაცვის მიმართულებით და აღნიშნა, რომ გაერო-ს ბავშვთა ფონდი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქვეყანაში არსებულ ინიციატივებს, რომლებიც ბავშვების კეთილდღეობას, განათლების ხელმისაწვდომობასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხების გაუმჯობესებას უკავშირდება. მისივე თქმით, საქართველოში UNICEF-ის საქმიანობა მუდმივად მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისაკენ“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძე და ცენტრის თანამშრომლები.