ირაკლი ფირცხალავას თქმით, ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სხდომის ოქმები ციხეში მიუტანეს
ირაკლი ფირცხალავას თქმით, ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სხდომის ოქმები ციხეში მიუტანეს

ირაკლი ფირცხალავას განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სხდომის ოქმები მას ციხეში მიუტანეს.

როგორც ფირცხალავამ ირაკლი მამალაძეზე შესაძლო ზეწოლის საქმეზე გამართულ წინასასამართლო სხდომაზე აღნიშნა, დახურული სხდომის ოქმები არაუფლებამოსილი პირების ხელში მოხვდა.

„ამათი არაკომპეტენტურობა არის ძალიან გასაკვირი. ერთი კვირის განმავლობაში ციხეში იდო დახურული სხდომის ოქმები. იქიდან ვინ სად წაიღო ეს ოქმები, კაცმა არ იცის. იძიებენ საქმეს პროკურატურაში და დაატარებენ დაკითხვაზე ადვოკატებს თუ ჟურნალისტებს. აგერ მტკიცებულება მაქვს, როგორ ხვდება დახურული სხდომის ოქმები არაუფლებამოსილი პირების ხელში და ეს მასალები არანაირად არ იყო დალუქული. ეს ხალხი, მათ შორის პროკურორები, მინიმუმ უნდა გამოიკითხონ”, – განაცხადა პროცესზე ფირცხალავამ.

პროკურორი ადასტურებს რომ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სხდომის ოქმი ირაკლი ფირცხალავასთვის გადასაცემად ნომერ მეცხრე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დატოვა.

ამის შესახებ პროკურორმა ლაშა ფანჩულიძემ აღნიშნა.

სხდომის ოქმი პროკურატურამ სასამართლოდან, მოწმე ირაკლი მამალაძეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოითხოვა.
კითხვაზე იყო თუ არა დალუქული დახურული სხდომის ოქმი, პროკურორმა აღნიშნა, რომ ოქმი დალუქული არ ყოფილა და პროკურატურას ჰქონდა გარანტიები, რომ ეს ოქმი არაუფლებამოსილ პირთან არ მოხვდებოდა.