ირაკლი ფიფია - ერთადერთი, ვინც გ.მ -ს დაჭრის შესახებ გვაწვდიდა ინფორმაციას, იყო გ.ბ, რომელიც დაკავების შემდგომ გამოძიებასთან აღარ თანამშრომლობდა
ერთადერთი, ვინც გ.მ -ს დაჭრის შესახებ გვაწვდიდა ინფორმაციას, იყო გ.ბ, რომელიც დაკავების შემდგომ გამოძიებასთან აღარ თანამშრომლობდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა, ირაკლი ფიფიამ პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
ფიფიას თქმით, იგი უარს აცხადებს, როგორც გამოკითხვაზე, ასევე საგამოძიებო მოქმედებებში მიღებაზე.
„გ.ბ, მას შემდეგ, რაც მას წაეყენა ბრალდება, მოთავსებულ იქნა სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში, უარი განაცხადა ყველანაირ თანამშრომლობაზე, პირადად მე ვარ ნამყოფი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი გამოკითხვის, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით, ასევე დარწმუნებული ვარ, გაცნობილი ხართ საქმეს და დევს შესაბამისი ოქმები, იგი უარს აცხადებს, როგორც გამოკითხვაზე, ასევე საგამოძიებო მოქმედებებში მიღებაზე. როგორც აღვნიშნე, ერთადერთი პირი, რომელიც გ.მ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვაწვდიდა ინფორმაციას, ეს იყო გ.ბ, რომლისგანაც ვერანაირი დამატებითი ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა.
დაინიშნა საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა, აღნიშნულ ექსპერტიზას დაესვა შემდეგი სახის შეკითხვები, რა საგნით შეიძლება ყოფილიყო მიყენებული ეს დაზიანებები და ასევე, საქმეზე ამოღებული ორი ნივთმტკიცება დანა გადაეგზავნა საექსპერტო დაწესებულებას, რათა მომხდარიყო ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებასთან შედარება. ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა ივნისში, აღნიშნული დასკვნით არ გამოირიცხება, რომ აღნიშნული ჭრილობა შეიძლება მიყენებული იყოს წარმოდგენილი ორივე დანით, ან მსგავსი კონსტრუქციისა და ნიშან-თვისებების მქონე საგნით.
ძნელი სავარაუდოა, მაგრამ ჩვენ ვართ გამომძიებლები და არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებებით, ვსაუბრობთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, ექსპერტიზის დასკვნებით და მოწმეთა ჩვენებებიდან მიღებული ინფორმაციით, შესაბამისად, ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ, ვერც ვერაფერს დავადასტურებთ, სანამ ამის საშუალებას არ მოგვცემს კონკრეტული მტკიცებულებები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავის მეგობრებს დაეჭრათ, მაგრამ სანამ არ გამოირიცხება ეს ვარაუდი.
აღნიშნულთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება, მიღებულია ახალი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გადაეგზავნა მწარმოებელ ორგანოს“, – განაცხადა ირაკლი ფიფიამ.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ შსს-ს მიმართა, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე და გაატაროს შესაბამისი ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისთვის.