ირაკლი ფავლენიშვილი - ყველას ესმის, რომ კოორდინაციის ფორმატის შექმნა ძალიან კარგია, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთიანი ფორმატით ვიქნებით წარმოდგენილი
ქვეყნის შიგნით პროტესტში რომელი პოლიტიკური აქტორებიც ვართ ჩართული, ყოველდღიურ კონტაქტში ვიქნებით ერთმანეთთან, ერთად დავგეგმავთ, კოორდინაციაში ვიქნებით საპროტესტო გამოსვლასთან დაკავშირებით. მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთიანი ფორმატით ვიქნებით წარმოდგენილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის საპროტესტო ელექტორატის დაკვეთა.
„მთავარი ტესტი, რომ ჩვენი გაერთიანება მნიშვნელოვანი იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პოლიტიკური ძალების მხარდამჭერები და ოპოზიციურად განწყობილები არიან, იყო რუსთაველის გამზირი. შეთანხმების შემდეგ მოვინახულეთ იქ შეკრებილი ხალხი და თითოეული მათგანი ძალიან გახარებული იყო. ყველას კარგად ესმის, რომ წინააღმდეგობაში არსებული ძალების მხრიდან კოორდინაციის ფორმატის შექმნა ძალიან კარგია. ერთად თუ ვართ პროტესტში, ერთ ხაზს მივყვებით რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაშინ, რაც უფრო ხშირი შეხვედრა გვექნება, მით უკეთესი. ეს ძალიან მარტივი ლოგიკაა. ქვეყნის შიგნით პროტესტში რომელი პოლიტიკური აქტორებიც ვართ ჩართული, ყოველდღიურ კონტაქტში ვიქნებით ერთმანეთთან, ერთად დავგეგმავთ, კოორდინაციაში ვიქნებით საპროტესტო გამოსვლასთან დაკავშირებით. მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთიანი ფორმატით ვიქნებით წარმოდგენილი, რაც მნიშვნელოვანია. ბოლო თვეების განმავლობაში ასე არ ყოფილა და ეს იყო საპროტესტო ელექტორატის დაკვეთა. არ ვაპირებთ, მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფებით შემოვიფარგლოთ, გვექნება შეხება სამოქალაქო ჯგუფებთანაც. „ნაციონალურ მოძრაობას“, ფაქტობრივად, მთელი პოლიტიკური სპექტრი აქვს შექმნილი. სამწუხაროდ, ზოგი მედროვე აღმოჩნდა და „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში ვხედავთ. „ქართულ ოცნებას“ აქვს იგივე მესიჯი ოპოზიციასთან მიმართებით. მთავარია, რომ პროტესტში ჩართული ხალხი ერთიანდება. პროტესტის ნაწილად ვისაც მიაჩნია თავი, კარი არის ღია. „ნაციონალურ მოძრაობას“ 2000-იანი წლების შემდეგ აქვს დაკომპლექტებული პოლიტიკური სპექტრი და ყოფილ წევრებზე როცა ვსაუბრობთ, ასეთ ხალხს შევხვდებით, მათ შორის „ოცნებაში“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, რატომ არ ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის გუშინდელ შეხვედრას, ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი არ არის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი.
„უბრალოდ, მხარს უჭერს და ალბათ თანამშრომლობასაც აპირებს ამ ფორმატთან, როგორც ყველა სხვა აქტორი. თანამშრომლობას ვაპირებთ ყველასთან, ვისაც სურვილი ექნება და პროტესტში იქნება ჩართული. გუშინდელ შეხვედრას ესწრებოდნენ პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები. სალომე ზურაბიშვილს არ აქვს პოლიტიკური პარტია. ეს არის პოლიტიკური პარტიების ალიანსი, რომელსაც ერთი სტრატეგია, თანამშრომლობის ერთი წესები აქვს. ჯერ საარჩევნო პროცესიც არ არის და ნაკლებად სავარაუდოა საუბარი კონკრეტულ ფორმატზე, რადგან ბევრი პოლიტიკური პარტიაა, რომლებსაც ბევრი განსხვავება აქვთ. ერთ პარტიად არ გადაიქცევა ეს ალიანსი. მიხეილ სააკაშვილის ჩართულობას რაც შეეხება, როგორც ყველა სხვა პოლიტიკური ლიდერი, ისიც იყო საქმის კურსში, რა ხდებოდა, გაეცნო დოკუმენტს და პოზიტიური მოლოდინი, სურვილი ჰქონდა, რომ ერთობა შემდგარიყო. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია აქტიური კომუნიკაცია, მაგრამ შეუძლია, წერილობით ჰქონდეს კონტაქტი“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.
2 მარტს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა შედგა, რომლის შემდეგაც ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ოპოზიციის ალიანსი შედგა, ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის“.
შეხვედრის მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც ხელს აწერენ: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.