ირაკლი ფავლენიშვილი - უკეთესი მოლოდინიც გვქონდა, მაგრამ ეს არ არის სტრასბურგის საბოლოო განაჩენი, სააკაშვილი არის პუტინის ტყვე და ამას სამართლებრივი ასახვაც უახლოეს მომავალში ექნება
ირაკლი ფავლენიშვილი - უკეთესი მოლოდინიც გვქონდა, მაგრამ ეს არ არის სტრასბურგის საბოლოო განაჩენი, სააკაშვილი არის პუტინის ტყვე და ამას სამართლებრივი ასახვაც უახლოეს მომავალში ექნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით „ნაციონალური მოძრაობისა“ და საერთაშორისო საზოგადოებისთვის არაფერი იცვლება.

მისი თქმით, სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო მთავარ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

„რაც შეეხება დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილებას, ჩვენ უკეთესი მოლოდინიც გვქონდა, მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა არ არის სამართლებრივი საქმის საბოლოო განაჩენი. ყველას კარგად გვესმის, რომ არსებითი განხილვა მიმდინარეობს და მთავარი პასუხი გაიცემა უახლოეს მომავალში. „ნაციონალურ მოძრაობისთვისაც“ და საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც არაფერი შეცვლილა. მარტო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კი არა, ევროპის პოლიტიკური ლიდერებისთვის, ევროპარლამენტისთვის და ბევრი სხვა პოლიტიკური აქტორისთვისაც სააკაშვილი არის პუტინის ტყვე, პოლიტიკური პატიმარი. დარწმუნებული ვარ, ამის სამართლებრივი ასახვაც უახლოეს მომავალში იქნება. გეგმა არის საქართველოს გარუსების წინააღმდეგ, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, მომავალში ამ ბრძოლითა და კონსოლიდაციით მოხერხდება ყველა მიზნის მიღწევა“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.

კითხვას, რამდენად აქვთ მოლოდინი, რომ ამ საკითხის გარშემო სხვა ოპოზიციური პარტიები და ნიკა მელიას გუნდი მათთან ერთად იქნებიან, ფავლენიშვილმა უპასუხა, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ ტყვეობასთან დაკავშირებით ჯანსაღი პოზიცია აქვთ მათ, ვისაც ოპოზიციურ პარტიად აღიქვამს.

„სააკაშვილს თვლიან პოლიტიკურ პატიმრად. მას, როგორც პოლიტიკურ პატიმარს აღიარებენ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები და საერთაშორისო საზოგადოების უდიდესი ნაწილი. პრობლემა საერთოდ არ გვაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც ფორმალურად მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან. დარწმუნებული ვარ, ყველა ჯანსაღ ოპოზიციონერ ადამიანშიც, რომელთანაც შეიძლება, რაღაც სიმპატიები, ანტიპატიები გვქონდეს, ეს წითელი ხაზი კი არა, პირიქით, ის საფუძველი იქნება, რაზეც შეიძლება, ერთად ვიმუშაოთ“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.