ირაკლი ფავლენიშვილი – შსს-გან მივიღეთ ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლების მოთხოვნით რიყის პარკში აქციის ჩატარება თურმე არ შეიძლება, ეს აბსოლუტურად არაკანონიერია

12:35, 29.09.2026

რიყის პარკში აქციის ჩატარება თურმე არ შეუძლიათ საქართველოს თავისუფალ მოქალაქეებს, შეუძლებელია, რომ საჯარო სივრცეებში, პარკებსა და სკვერებში გადაადგილების უფლება ეზღუდებოდეთ ადამიანებს იმის გამო, რომ ივანიშვილს დღემდე ყველაზე მეტად სააკაშვილის ეშინია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უარი რიყის პარკში აქციის ჩატარებაზე არაკანონიერია.

„გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, თურმე არ შეიძლება, პირველ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან ხუთი წლის თავზე, აქცია ჩატარდეს სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით; თურმე რიყის პარკში აქციის ჩატარება არ შეუძლიათ საქართველოს თავისუფალ მოქალაქეებს, თუ ამის ნება არ ექნებათ შსს და მერიას. ეს მითითება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არაკანონიერი გახლავთ. ივანიშვილის რეჟიმს დღემდე ყველაზე მეტად ეშინია „ნაციონალური მოძრაობის“, კარგად იციან, რომ აღმშენებლობის 9-წლიანი პერიოდი აუცილებლად გაგრძელდება ამ ქვეყანაში და შეწყდება ნგრევის 14 წელი. კარგად იციან ის როლი, რომელსაც ითამაშებს მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ქართველ ხალხთან ერთად ამ რეჟიმის დემონტაჟის საქმეში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რაც არ უნდა ტექნიკური დაბრკოლება შეგვიქმნან, აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, რომელიც იქცა საქართველოს გაპარტახებისა და გაძარცვის სიმბოლოდ. რიყის დოქები იქნებოდა მოდერნიზირებული თანამედროვე  ძლიერი სახელმწიფოს და თბილისის სიმბოლო. აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან და აუცილებლად შევიკრიბებით პირველ ოქტომბერს 17:00 საათზე და ყველა იმ ადამიანს, ვინც აცნობიერებს მიხეილ სააკააშვილის თავისუფლების მნიშვნელობას, გეპატიჟებით“, –  განაცხადა ფავლენიშვილმა

მსგავსი