ირაკლი ფავლენიშვილი – პოლიტიკური პატიმრის მორალურ განსჯაში არ შევდივართ, არ მიგვაჩნია სწორად იმ ადამიანების შეფასება, რომლებმაც წლები გაატარეს უკანონო პოლიტიკურ ტყვეობაში

12:24, 24.11.2026

პოლიტიკურ პატიმრებს არ სჭირდებათ არცერთი პოლიტიკური პარტია, რათა ქვეყნისთვის იბრძოლონ, ამ ხალხს გააზრებულად აქვთ თავი განწირული ამ ბრძოლაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სწორი არ არის იმ ადამიანების შეფასება, რომლებმაც წლები გაატარეს უკანონო პატიმრობაში.

„„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მკაფიო პოზიცია, რომელიც არ შეცვლილა ამ წლების განმავლობაში. ჩვენ პოლიტიკური პატიმრის მორალურ განსჯაში არ შევდივართ და არც მომავალში ვაპირებთ. არ მიგვაჩნია სწორად ადამიანების შეფასება, რომლებმაც წლები გაატარეს უკანონო პოლიტიკურ ტყვეობაში“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, პატიმრები პოლიტიკური პარტიების სარგებლისთვის ხომ არ არიან ციხეში, ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ ამ პატიმრებს პოლიტიკური პარტია არ სჭირდებათ.

„ძალიან ცუდი წარმოდგენის ხართ ამ ადამიანებზე, ვინც ციხეში არიან. ამ პატიმრებს არ სჭირდებათ არცერთი პოლიტიკური პარტია, რათა ამ ქვეყნისთვის იბრძოლონ. ამ ხალხს გააზრებულად აქვთ თავი განწირული ამ ბრძოლაში. არანაირი პარტიული ჩარჩო არაა  გადამწყვეტი, ამიტომ ტყუილად არსებობს ეჭვი, რომ რაიმე პარტიის ინტერესის გამო ხდებოდეს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის,  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე მოქალაქეს. შეწყალებულთა შორის არიან პირები, რომლებიც საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა ბრალდებით  იყვნენ დაკავებული.

მსგავსი