ირაკლი ფავლენიშვილი – „ოპოზიციის ალიანსის“ წევრები, ყველას არ ვგულისხმობ, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, დაკავებული იყვნენ ჩვენი პარტიისა და ლიდერების ძაგებით
„ნაციონალურ მოძრაობა“ ბოლო პერიოდის განმავლობაში „ოპოზიციის ალიანსთან“ დაკავშირებით არცერთ აქტივობაში არ იღებს მონაწილეობს, ამიტომ კითხვებით იმ ადამიანებს უნდა მიმართოთ, ვინც ამ გაერთიანების აქტიურ წევრად მოიაზრებს თავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ „ოპოზიციის ალიანსისგან“ ჩამოშორებაზე, ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ ალიანსის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვით იყვნენ დაკავებული.
„მთავარი მიზეზი იყო ის რომ უბრალოდ ეს ადამიანები, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, დაკავებული იყვნენ ჩვენი და ჩვენი ლიდერების ძაგებით. ამიტომ, ეს არ იყო საქმიანი გარემო. ასეთი რისკები მოსალოდნელი იყო, თუმცა მაშინ არსებობდა საპროტესტო აქციები და იყო საზოგადოების დაკვეთაც. როდესაც მცირე შანსია ერთობის, ჩვენ ვართ ხოლმე ამ ერთობის ინიციატორებიც, თუმცა რისკები გვესმოდა.
„ნაციონალური მოძრაობა ერთიანობისთვის ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა, სამწუხაროდ ხშირად სხვა პოლიტიკური ძალები იყვნენ ხოლმე არა თუ ამ ერთიანობის ხელის შემშლელები, არამედ ჩამშლელები. „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც უფრო მეტად მიაყენებდნენ „ზიანს“ საინფორმაციო შეტევებით, შეიძლება, თვითონ გამხდარიყვნენ მთავარი ოპოზიციური აქტორები, რაც არასწორი იყო, პრაგმატული, პოლიტიკური და მორალური კუთხით“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.