ირაკლი ფავლენიშვილი – ნიკა გვარამიასთან გვაქვს პრაქტიკული შეკითხვები, რაზეც პასუხებს ვერ ვისმენთ, მარტივი გამოსავალია დებატებში დაჯდომა, მაგრამ როცა არ ჯდები, გასაგებია მიზეზიც

12:42, 11.09.2026

„ოცნება“ როდესაც ცდილობს, აჩვენოს, რა დაპირისპირებაა ოპოზიციის შიგნით, მინდა, კარგად გაიხსენონ, თუ როგორ წერენ ერთმანეთის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებებს და როგორ იჭერენ ერთმანეთს, იმეტებენ მოსაკლავად. ამის ფონზე ჩვენ შორის ისეთი არაფერი ხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, ანა წითლიძეს აქვს კონკრეტული შეკითხვები და როცა ის დებატებს ითხოვს, თუ ვინმეს აქვს საპირისპირო აზრი, უნდა დაუჯდეს დებატებში.

„ანა წითლიძეს აქვს კონკრეტული შეკითხვები, ამიტომაც, როცა ის დებატებს ითხოვს, თუ ვინმეს აქვს საპირისპირო აზრი, უნდა დაუჯდეს დებატებში და არ უნდა მიაყენოს არც მას და არც „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წვერებს შეურაცხყოფა. არც თვითონ უნდა იყოს ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებებით წარმოდგენილი და კითხვებს გასცეს პრაქტიკული პასუხები. სამთავრობო პროპაგანდის მხრიდან იმის ძახილი, რომ თურმე ოპოზიციაში რა ხდება და თვითონ ერთმანეთზე ჩვენებებს ასწრებენ, არ ვიცი, „ოცნების“ მაღალჩინოსნებს უკვე პასტები შემოელიათ, როცა ეს ხალხი სხვაზე საუბრობს, კომიკურია“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ფავლენიშვილმა ნიკა გვარამიას განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი, სადაც გვარამია აღნიშნავს, რომ ნიკა გილაურთან თანამშრომლობის სურვილი „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ჰქონდა.

„ჩვენ გვაქვს პრაქტიკული, საქმიანი შეკითხვები, რაზეც პასუხებს ვერ ვისმენთ, ვისმენთ მხოლოდ ცილისწამებებს და ჭორებს. ესეც ერთ-ერთი უსაფუძვლო ჭორია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია. ამის მარტივი გამოსავალია დებატებში დაჯდომა, მაგრამ როცა არ ჯდები, გასაგებია მიზეზიც“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

მსგავსი