ირაკლი ფავლენიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ჩარჩენილია წინასაარჩევნო რეჟიმში, ამდენი ეროვნული გამოწვევისას მთელი ყურადღების პარტიის წინააღმდეგ დათმობა ანტიეროვნული საქმიანობაა
სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ჩარჩენილია წინასაარჩევნო რეჟიმში, თუმცა მათი დღის წესრიგი წინასაარჩევნო რეჟიმშიც არ აღმოჩნდა რელევანტური, ადეკვატური და ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველმაც დაადასტურა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.
„ამდენი ეროვნული გამოწვევა როცა არსებობს, მთელი ყურადღებისა და ენერგიის „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ დათმობა ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, არაპარტიული საქმიანობაა. ეს შეიძლება, ხელს აძლევდეს „რუსულ ოცნებას“. ბრალდებები არაფრით მტკიცდება. მით უმეტეს, ეს ადამიანი ერთ-ერთი ბრალდების ადრესატთან მუშაობდა 2012 წლამდე. ბრალდებები ადეკვატური არ არის და ყველაფერი ისევ იმ ადამიანების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ვერ გამოძებნეს ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, მიმართულება, რაც მათთვისვეა ცუდი, თორემ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და არის სააკაშვილის გუნდი, კვლავ გააგრძელებს ბრძოლას და ყველაფერს მიაღწევს. კონკრეტულ ბრალდებებზე აქცენტირებას არ ვაპირებთ, გაკეთდა განცხადება და ჩვენ შეგვიძლია, ვუპასუხოთ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მყოფ რამდენიმე ადამიანს. რამდენად არიან შიგნით, ესეც საკითხავია, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დღის წესრიგს არ იზიარებენ. არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, ოპოზიციის დღის წესრიგსაც“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.