ირაკლი ფავლენიშვილი - მისაღებია ნებისმიერი თანხის დახარჯვა, როცა საუბარია სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებზე, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე
ირაკლი ფავლენიშვილი - მისაღებია ნებისმიერი თანხის დახარჯვა, როცა საუბარია სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებზე, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე

მისაღებია ნებისმიერი თანხის დახარჯვა, როცა საუბარია სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებზე, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით მიღებულია კიდევ ერთი რეპრესიული ღონისძიება.

„არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არასდროს ყოფილა დაფინანსებული ძალადობა. ეს ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ. მისაღებია ნებისმიერი თანხის დახარჯვა, როცა საუბარია სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებზე, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენაზე, რაც, რა თქმა უნდა, არის მისაღები და საჭიროც. თურმე მოძალადე ყოფილა ის ხალხი, რომელიც ასეთი ძალაობისგან იცავდა თავს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.

საუბარია გამოძიებაზე, რომელიც ეხება საბოტაჟს, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.

კერძოდ, დაყადაღებულია შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“,  „დემოკრატიის მცველები“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საფარი“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

პროკურატურის განმარტებით, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებით შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა.