ირაკლი ფავლენიშვილი - მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საკითხი არის პრიორიტეტული, ის არა მხოლოდ საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი მოღვაწე, არამედ უკრაინისთვის, ზელენსკის მთავრობის წევრი იყო
ირაკლი ფავლენიშვილი - მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საკითხი არის პრიორიტეტული, ის არა მხოლოდ საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი მოღვაწე, არამედ უკრაინისთვის, ზელენსკის მთავრობის წევრი იყო

როდესაც  ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საუბარი იყო საკითხებზე, რომლებიც მოუგვარებელია ქვეყნებს შორის, შეგვიძლია, პირდაპირ ჩამოვთვალოთ, ეს არის „ოცნების“ მიერ რუსული პროპაგანდისტული ნარატივები და ანტიუკრაინული კამპანია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასევე, უკრაინის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, შეიძლება, იგულისხმებოდეს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საკითხი.

„ეს არის ცალსახად უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტული საკითხი და ამაზე არაერთხელ იყო განცხადება გაკეთებული. მესამე საკითხი კი გახლავთ ჰუმანიტარული პრობლემა, რომელიც არსებობს უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით, თუნდაც ლარსზე. მათი განცხადებები იყო პასუხი იმაზე, რასაც აკეთებდა ქართული მხარე. კერძოდ, პროვოკაციაში ადანაშაულებდნენ ზელენსკის, მათ შორის სამთავრობო პროპაგანდა ანტიუკრაინულ ნარატივებს ავრცელებდა, იმაზე რომ თურმე უკრაინაშიც გლობალურმა ომის პარტიამ გააჩაღა ომი და არა პუტინმა. სააკაშვილსა და ზელენსკის შორის სვამენ ტოლობის ნიშანს, ამით ახდენენ ორივე მათგანის და დასავლეთის დისკრედიტაციას. ეს კამპანია უნდა შეწყდეს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის  არა მხოლოდ საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი მოღვაწე, არამედ უკრაინისთვის, ის ზელენსკის მთავრობის წევრი იყო და უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 4 მაისს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ამასთან, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მხრიდან სომხეთთან, საქართველოსთან და სლოვაკეთთან რამდენიმე მიმართულებით ურთიერთობების განბლოკვის შესახებ განაცხადა.

ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„დიდი ხნის განმავლობაში პირველად, საქართველოს პრემიერთან პირისპირ ხანმოკლე საუბარი გვქონდა, მიმაჩნია, რომ ესეც სწორია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.