ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილი ხანდახან წარსულს იხსენებს, ხანდახან აწმყოზე და მომავალზე საუბრობს, ამიტომ ზედმეტია მის სტატუსებში ჩხირკედელაობა, რომ ვინმეს ებრძვის, არავის ებრძვის

12:52, 29.05.2026

მიხეილ სააკაშვილი არავის ებრძვის, მით უმეტეს, ნიკა მელიას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პოსტზე, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმა დაწერა: „ჩემი ლოგისტიკის საქმის კურსში მელია საერთოდ არ იყო. მელიას შეცდომა ის იყო, რომ გუშინდელ აქციაზე უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა, არადა, თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე“.

ფავლენიშვილის შეფასებით, ეს არ იყო უარყოფითი პოსტი.

„ნამდვილად არ მინდა, პოსტების კომენტირებაში დავხარჯო დრო. ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არსებობს არაფერი დაპირისპირება. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, ხანდახან იხსენებს წარსულს, ხანდახან აწმყოზე და მომავალზე საუბრობს, ამიტომაც ყველა მის სტატუსში ჩხირკედელაობა და იმის ძებნა, რომ აქ ვინმეს ებრძვის, არის ნამდვილად ზედმეტი, არავის არ ებრძვის, მით უმეტეს, არც ნიკა მელიას“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.

რაც შეეხება, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის მიერ ოპოზიციის კრიტიკას, ფავლენიშვილის თქმით, სააკაშვილი არ გულისხმობს წინააღმდეგობაში მყოფ პოლიტიკურ ძალებს. მისივე თქმით, „ოპოზიციის ალიანსის“ გეგმა მარტივია.

„მშვიდობიანი პროტესტი, აქტიური საპროტესტო მოძრაობა, ისეთი მსხვილი, მუხტიანი აქციები, როგორიც იყო 26 მაისს, კონკრეტული წერტილოვანი აქციებიც და წინააღმდეგობის გაგრძელება, ეს არის ჩვენი გეგმა“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.

მსგავსი