ირაკლი ფავლენიშვილი – ლარსის გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა, რომ არ ავასრულებინოთ ჩანაფიქრი, საქართველო ქართველების გარეშე, აუცილებელია, მოვახდინოთ ამ სისტემის დემონტაჟი

20:47, 25.08.2026

ლარსის გამშვები პუნქტიდან უკონტროლოდ შემოდის ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი, ისინი მოდიან ჩვენს ქვეყანაში და „ოცნების“ მიერ გამარტივებული პროცედურებით იღებენ მოქალაქეობას ძალიან მარტივად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასიათასობით ქართველი ტოვებს ქვეყანას უპერსპექტივობის და სიღარიბის გამო, ასიათასობით რუსი კი შემოდის.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლარსის გამშვებ პუნქტთან, რომელიც მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა. სწორედ აქედან შემოდის უკონტროლოდ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი. ისინი მოდიან ჩვენს ქვეყანაში და „ოცნების“ მიერ გამარტივებული პროცედურებით იღებენ მოქალაქეობას ძალიან მარტივად. სწორედ ასე ხორციელდება ქართველების ჩანაცვლება. ასიათასობით ქართველი ტოვებს ჩვენს ქვეყანას უპერსპექტივობის და სიღარიბის გამო, ასიათასობით რუსი შემოდის. ათიათასობით მათგანს უკვე მისცეს მოქალაქეობა, კიდევ უფრო მეტს მისცემენ მომავალში, თუ მალე არ გავისტუმრეთ ივანიშვილი და მისი რეჟიმი.

ეს ხალხი ეუფლება დომინანტურ მდგომარეობას უძრავი ქონების ბაზარზე, ეს ხალხი ეუფლება, მათ შორის დიდძალ ქონებას და საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას. იმისთვის რომ გადავრჩეთ და არ ავასრულებინოთ მათი მზაკვრული ჩანაფიქრი – საქართველო ქართველების გარეშე, აუცილებელია მალე მოვახდინოთ ამ სისტემის დემონტაჟი, ამ იმპერიის საცეცების დამარცხება საქართველოში და დავიწყოთ ისევ სახელმწიფოებრივი ცხოვრება, რომელიც ყველა მორდორის კარიბჭეს ჩაახშობს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

მსგავსი