ირაკლი ფავლენიშვილი – გია ბარამიძის დაკავების საბაბი არის არა მისი პოლიტიკური განცხადება, არამედ ამ განცხადების ინტერპრეტაცია, ეს პოლიტიკური შურისძიებაა
მისი პოლიტიკური განცხადება არ არის გია ბარამიძის დაკავების საბაბი, არამედ საბაბია ამ პოლიტიკური განცხადების ინტერპრეტაცია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა პროკურატურასთან განაცხადა, სადაც პარტიის ლიდერები არიან შეკრებილი.
როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, ეს არის პოლიტიკური შურისძიება „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ.
„კიდევ ერთი პოლიტიკური შურისძიება ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის და მისი ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის წინააღმდეგ. გია ბარამიძე მთელი მისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში იბრძვის თავისუფალი, ძლიერი საქართველოსთვის. ის იბრძოდა იარაღით ხელში აფხაზეთში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის და ამის შემდეგ ის მუდმივად იბრძოდა პოლიტიკურად, მათ შორის მას აქვს განხორციელებული რეფორმები, რომლითაც შეიქმნა ძლიერი ქართული სახელმწიფო ინსტიტუციები. მისი მიზანი ყოველთვის იყო სასარგებლო საქმე ქართული სახელმწიფოსთვის.
მისი პოლიტიკური განცხადება არ არის ბარამიძის დაკავების საბაბი. საბაბია ამ პოლიტიკური განცხადების ინტერპრეტაცია. მან მკაფიოდ განმარტა, რომ ის შინაარსი მას არ უგულისხმია, როგორც აღქმული იქნა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ. ამის მიუხედავად დააკავეს, რატომ? იმიტომ, რომ ბარამიძის დაკავების ბრძანება რუსულმა იმპერიამ გასცა ერთი წლის წინ, როდესაც ფაქტობრივად, მას პატიმრობა მიესაჯა რუსეთის მიერ, როგორც ყველაფერში, აქაც მოახდინეს დაკოპირება პუტინის, საკუთარი მბრძანებელი რეჟიმის ინსტრუქციის და რუსეთის მსგავსად, უკვე ადგილზე, საქართველოში შეუფარდეს პატიმრობაგია ბარამიძეს”,- განაცხადა ფავლენიშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი (2003-2004 წწ) გია ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. ბრალდება 4-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“, ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.