ირაკლი ფავლენიშვილი - ფაქტობრივად, ხუთეულს შეზღუდული აქვს პატიმრობის ყველა უფლება, რაც პოლიტიკური დევნის კლასიკური გამოვლინებაა
ირაკლი ფავლენიშვილი - ფაქტობრივად, ხუთეულს შეზღუდული აქვს პატიმრობის ყველა უფლება, რაც პოლიტიკური დევნის კლასიკური გამოვლინებაა

ერთ სულ მოსახლეზე პოლიტპატიმრების რაოდენობით ჩვენ გავასწარით ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმებს, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

„ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული არა მხოლოდ 4 ოქტომბრის შედეგად, არამედ ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური ნიშნით. ერთ სულ მოსახლეზე პოლიტპატიმრების რაოდენობით ჩვენ გავასწარით ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმებს. ამაში დამნაშავე არის ივანიშვილი, რომელმაც შეცვალა ქვეყნის კონსტიტუციური პრინციპები და პოლიტიკური კურსი, მათ შორის ის დაამყარებს ავტორიტარულ და დიქტატორულ რეჟიმს, რასაც მოჰყვება პოლიტიკური დევნა და რეპრესიები. ის ადამიანები, რომლებიც მის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართული, არ არიან ამ რეპრესიების მიზეზი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ივანიშვილის ბრალია, რომ ქვეყანა შესულია ამ სპირალში და ჩიხში. მას აქვს გაცხადებული მიზანი, გაანეიტრალოს ასიათასობით მოქალაქე, ან გახიზნოს ემიგრაციაში, ან დააკავოს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ამასთან, ფავლენიშვილი გამოეხმაურა პაატა ბურჭულაძისთვის, მურთაზ ზოდელავასთვის, ირაკლი ნადირაძისთვის, პაატა მანჯგალაძისა და ლაშა ბერიძისთვის 9 დეკემბრამდე სატელეფონო ზარების, პაემნებისა და მიმოწერის შეზღუდვას.

ფავლენიშვილის თქმით, ეს არის იმის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრაცია, რომ არა მხოლოდ აკავებს ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკური ნიშნით თავის ოპონენტებს, არამედ ართმევს მათ პატიმრობის უფლებებს.

„ჩვენ ამას ვხედავდით, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილთან მიმართებით და ახლა ვხედავთ სხვა პოლიტიკური პატიმრების შემთხვევებშიც. ფაქტობრივად, ამ ხუთეულს შეზღუდული აქვს პატიმრობის ყველა უფლება, რაც პოლიტიკური დევნის კლასიკური გამოვლინებაა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.