ირაკლი ფავლენიშვილი - აშშ-ში კანონიერია, როცა ლობისტურ საქმიანობაში გამოიყენება კონკრეტული კომპანიები, განსაკუთრებით „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი ფული დაუხარჯავს ამ მიმართულებით
ბიძინა ივანიშვილს იმდენი ფული აქვს დახარჯული ლობიზმში, რომ საერთაშორისო პრესაში ვინმე რამეს თუ მიაღწევდა, ეს იქნებოდა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ში კანონიერია, როცა ლობისტურ საქმიანობაში გამოიყენება კონკრეტული კომპანიები და ამ საქმიანობით „ქართულ ოცნებასაც“ უსარგებლია.
„ამერიკაში კანონიერია, როცა ლობისტურ საქმიანობაში გამოიყენება კონკრეტული კომპანიები. ამ საქმიანობით „ოცნებასაც“ უსარგებლია. ეს დანაშაულად თუ მიაჩნდათ, რაღატომ აკეთებდნენ იმავეს? ამიტომ, ჩვეულებრივი ამბავია, როცა კონკრეტული ლობისტური კომპანია გეხმარება კონტაქტების დამყარებაში. არაფერი არაკანონიერი და საიდუმლო ამაში არ არის და ასეთი რამ აპრობირებულია ამერიკაშიც და საქართველოს პოლიტიკურ აქტორებშიც. განსაკუთრებით „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი ფული დაუხარჯავს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის „ფარას“ გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელშიც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, „ნელსონ მალინსის“ საქმიანობაზეა საუბარი. დოკუმენტის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“, ლობისტური ჯგუფის საშუალებით პიარკამპანიას აწარმოებს 2025 წლის ივლისიდან დღემდე. დოკუმენტში საუბარია ლობისტების მიერ გამართულ შეხვედრებზე მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებთან. მედიასაშუალებებს შორის ჩამონათვალშია: Washington Examiner-ი, Reuters-ი, Newsmax-ი, The Hill-ი. დოკუმენტების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით მოქმედმა ლობისტურმა ჯგუფმა შეხვედრები გამართა სხვადასხვა კონგრესმენისა და სენატორის ოფისებთან, ასევე კომუნიკაცია ჰქონდა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აშშ-ში ლობისტური კომპანია Nelson Mullins Riley & Scarborough LLP-ი 360 ათას დოლარად დაიქირავა.