ირაკლი ფავლენიშვილი – არასერიოზულია, ერთი ადამიანის ბრალეულობას მივაწეროთ საქართველოსა და გერმანიას შორის დაძაბულობა, პრობლემა არ არის ფიშერი, პრობლემაა ივანიშვილის რეჟიმი და მისი ქმედებები

12:22, 21.07.2026

პრობლემა არ გახლავთ არც პეტერ ფიშერი, არც ჯო იუილსონი, არც ის ადამიანები, ვინც ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, დისკრედიტებული და დისკრიმინებული არიან ივანიშვილის რეჟიმის მიერ, პრობლემა გახლავთ თვითონ ივანიშვილის რეჟიმი და მისი ქმედებები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილმა კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდიდან ინფორმაციის წაშლის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტად, ილია დარჩიაშვილი კი საგარეო საქმეთა მინისტრად იყო მითითებული.

როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, არასერიოზულია, ერთი ადამიანის ბრალეულობას მივაწეროთ საქართველოს და გერმანიას შორის დაძაბულობა.

„გერმანიასთან, ამერიკასთან და სხვა პარტნიორებთან ურთიერთობაში გადატვირთვის საფუძველი იქნება არა კონკრეტული ადამიანის თუნდაც გადადგომა ელჩობიდან ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნა, არამედ რეალური ნაბიჯები, რომელთაც გადადგამს ივანიშვილი. გერმანიის და საქართველოს ურთიერთობაში გამამწვავებელი საკითხი არა ინდივიდუალურად ერთი-ორი ადამიანი, არამედ ის კურსი იყო, რასაც ატარებდა და ატარებს ივანიშვილი.

ტექნიკურად შეუძლებელია, ერთი ადამიანი დავადანაშაულოთ ყველა იმ დაბრკოლებაში და პრობლემაში, რაც საქართველოსა და გერმანიას შორის არსებობს, არასერიოზულია, კონკრეტული ერთი ადამიანის ბრალეულობას მივაწეროთ საქართველოს და გერმანიას შორის დაძაბულობა. საქართველოს და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა რომ შეჩერდა, ეს ხომ კომპლექსური პროცესია, მთელ დასავლეთთან ერთდროულად მოხდა ურთიერთობების გაფუჭება და დაბალ ნიშნულზე გაყინვა, ეს ხომ შეუძლებელია, ერთი ან ორი ადამიანის დამსახურება იყო, ეს არის ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურება“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.

მსგავსი