ირაკლი ძარიამ „ტორპედოს“ წინააღმდეგ შესაძლოა, ვერ ითამაშოს
ირაკლი ძარიამ „ტორპედოს“ წინააღმდეგ შესაძლოა, ვერ ითამაშოს

ირაკლი ძარიამ ალბანეთის ვიცე-ჩემპიონი „კუკეში“ შესაძლოა, დატოვოს. ამის შესახებ ალბანური გამოცემა „სპორტპანორამა“ წერს. ეს ის გუნდია, რომელიც ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე 9 და 16 აგვისტოს ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება.

პირველი არხის ინფორმაციით, „კუკეშის“ ქართველ ლეგიონერის მიმართ ინტერესს საბერძნეთისა და რუმინეთის კლუბები იჩენენ.

29 წლის ნახევარმცველმა ამ ინფორმაციის კომენტარისგან თავი შეიკავა.

„ჯერ არ მსურს ლაპარაკი, სად ვითამაშებ და გუნდს შევიცვლი თუ არა. მალე ევროპის ლიგაზე თამაში გვაქვს და ამ დროს ტრანსფერზე ლაპარაკი უხერხულია. მაგრამ შესაძლოა, უახლოესი შეხვედრები გამოვტოვო, მათ შორის, „ტორპედოსთან“ პირველი მატჩი. ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციის თამაშში აზერბაიჯანულ „ყარაბახთან“ საზარდული ამტკივდა და ვარჯიშიც მიჭირს. საბოლოო პასუხს ექიმი ხვალ მეტყვის“, – განაცხადა ძარიამ.

„ტორპედოსა“ და „კუკეშის“ შანსებს რაც შეეხება, ძარია ამბობს, რომ ორივე გუნდის სურვილია, ევროპის ლიგის პლეი-ოფში მოხვდეს.

„დარწმუნებული ვარ, უმძიმესი თამაშები იქნება. „ტორპედო“ ძალიან კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ახლა კიდევ უფრო გაძლიერდნენ. ყველაფერი ორრაუნდიან დაპირისპირებაში გადაწყდება“, – აღნიშნა მან.