ირაკლი ძარია ალბანეთის ჩემპიონ „კუკეშში“ ჩაირიცხა
ირაკლი ძარია ალბანეთის ჩემპიონ „კუკეშში“ ჩაირიცხა

29 წლის ქართველი ფეხბურთელი ირაკლი ძარია ალბანეთის ჩემპიონ „კუკეშის“ ფეხბურთელი გახდა. როგორც ძარიამ პირველ არხს განუცხადა, გუნდთან კონტრაქტი დღეს გააფორმა.

„ორი დღეა, რაც ალბანელებთან ერთად თურქეთში ვიმყოფები. სამედიცინო შემოწმება გუშინ გავიარე, დღეს კი, კონტრაქტი გავაფორმე. გუნდმა 1,5-წლიანი ხელშეკრულება შემომთავაზა, მაგრამ მხოლოდ ნახევარწლიანი ვამჯობინე, რადგან აქ კარგად თუ ვითამაშებ, უკეთეს ლიგაში გადავალ ან „კუკეში“ ახალ კონტრაქტს უკეთესი პირობებით გამიფორმებს. მიხარია, რომ საქართველოდან წამოვედი, რადგან აქ 4-5-ჯერ უკეთესი პირობები და მეტი პერსპექტივაა“, – განაცხადა პირველ არხთან ძარიამ.

ძარია 2017 წელს გორის „დილაში” თამაშობდა და დიდი როლი ითამაშა, გუნდმა ეროვნულ ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნა. ირაკლის კლუბთან კონტრაქტი დეკემბერში ამოეწურა და გუნდი დატოვა. ძარიას საქართველოს ნაკრებში 9 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ერთი გოლი აქვს გატანილი.