ირაკლი ჩიქოვანი - გათვალისწინებული დახმარებები და სოციალური პაკეტი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით არის ძალიან დიდი
ირაკლი ჩიქოვანი - გათვალისწინებული დახმარებები და სოციალური პაკეტი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით არის ძალიან დიდი

პოლიტიკური გუნდი ძალიან დიდი ხანია მუშაობს იმისთვის, რომ ძალიან სწორი და მიზანმიმართული პაკეტები შეგვეთავაზებინა ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესისათვის, რათა მაქსიმალურად შეგვემცირებინა „კოვიდ-19“-ის ზეგავლენა ეკონომიკაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა გასაწევი ძალიან დიდი სამუშაო, როგორც ქვეყნის შიგნით, რათა კოორდინაცია გაგვეწია და მოგვეზიდა ყველა არსებული შიდა რესურსი, ისე უნდა გვემუშავა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საფინანსო ორგანიზაციებთან. პროცესი ძალიან წარმატებულად და დადებითად წარიმართა, რამაც მოგვცა იმის თქმის საშუალება, რომ საქართველო პრაქტიკულად პირველია, რომელსაც აქვს რეალური, გარანტირებული პაკეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს ეკონომიკაში მოვახდინოთ ინექცია და მოქალაქეებისთვის განვახორციელოთ სოციალური დახმარებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, მთავრობამ ახალ კორონავირუსთან ბრძოლის დასაწყისშივე შესთავაზა მოქალაქეებს და ბიზნესს რიგი სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებები.

„თავის დროზე, როდესაც ჩვენ დაიწყეთ „კოვიდ-19“-თან ბრძოლა, მაშინვე განვაცხადეთ პირველი ეტაპი სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებებისა და ეს იყო ის პირველი ნაბიჯი, რომელსაც უნდა გაეჩინა საზოგადოებაშიც და ბიზნესშიც მოლოდინი, რომ სახელმწიფო ადეკვატურ მექანიზმს შესთავაზებდა მათ, პანდემიასთან გასამკლავებლად.

გეგმა, რომელიც წარმოვადგინეთ რამდენიმე დღის წინ არის ძალიან მასშტაბიანი და გათვლილია როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ ასპექტზე და ვფიქრობ, რომ ნაკლებად არიან ადამიანები, რომლებიც ამის რეალურ და სამართლიან კრიტიკას შეძლებენ. გათვალისწინებული დახმარებები და სოციალური პაკეტი არის ძალიან დიდი იმ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს“, – აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, სოციალური და ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დარგობრივი სამინისტროები გამართავენ პრეზენტაციებს, თუ ვის უნდა მიმართონ მოქალაქეებმა დახმარებების მისაღებად, ასევე, როგორ უნდა ისარგებლონ ბიზნესებმა შეღავათებით.

„ხვალ გეგმის ერთი ეტაპის წარდგენა იქნება, დეტალურად წარმოვადგენთ ინფორმაციას, თუ ვინ, როგორ და რანაირად შეიძლება, ისარგებლოს ყველა იმ ბენეფიტით და სარგებლით, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს გეგმაში. ასევე, გაგრძელდება მიმდინარე და შემდგომ კვირაშიც ყველა კონკრეტული საკითხის განმარტება ყველა სუბიექტისათვის, რათა მათ შეძლონ ისარგებლონ სრულად იმ შესაძლებლობებით, რომელსაც ეს გეგმა იძლევა. იქნება კითხვები და მზად ვართ, თითოეულმა უწყებამ დეტალურად გააცნოს საზოგადოებას ინფორმაცია საკუთარი დარგობრივი მიმართულების მიხედვით, სამინისტროები ისაუბრებენ ამ დეტალებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.