ირაკლი ჭირაქაძე - ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება დიდ ნდობაზე მეტყველებს
მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ირაკლი ჭირაქაძე ბაკურიანისთვის 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსის მინიჭებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს, – ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„მინდა, მივულოცო ჩვენს ქვეყანას ევროპის სპორტული საზოგადოების უდიდესი ნდობა. მსხვილი პროექტები საქართველოში ხორციელდება და ოლიმპიადამდეც განხორციელდება. მნიშნელოვანია, რომ სამი საბაგირო სწრაფად აშენდა. ამას გარდა, ხელოვნური გათოვლიანების სისტემაც მონტაჟდება და სპორტული ღონისძიებების გამართვა ნებისმიერ დროსა და კლიმატში იქნება შესაძლებელი. მთავარი ისაა, რომ ტურნირის შემდეგ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას დარჩება და ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა ირაკლი ჭირაქაძემ.
ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიენიჭა. გადაწყვეტილებას მხარი ევროპული ფორუმის ყველა დელეგატმა დაუჭირა.