ირაკლი ჩიქოვანი - ყველა შეზღუდვის მიზანია, დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე, შევაფერხოთ „კოვიდ 19“-ის გავრცელება და მართლაც გმირ ექიმებს მივცეთ საშუალება, ყველა მოქალაქეს მაღალი ხარისხის მომსახურება გაუწიონ
ირაკლი ჩიქოვანი - ყველა შეზღუდვის მიზანია, დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე, შევაფერხოთ „კოვიდ 19“-ის გავრცელება და მართლაც გმირ ექიმებს მივცეთ საშუალება, ყველა მოქალაქეს მაღალი ხარისხის მომსახურება გაუწიონ

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მთავრობის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 27 აპრილის დღის ბოლომდე გაგრძელდა შეზღუდვა, რომელიც ეხება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებას.

ჩიქოვანის თქმით, ხელისუფლების მიერ გატარებული ყველა ღონისძიება ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ზიანი, რაც შესაძლოა, კორონავირუსის გამო მოქალაქეებს მიადგეთ.

„მოგეხსენებათ, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილის 12 საათიდან 27 აპრილის დღის ბოლომდე გაგრძელდა შეზღუდვა, რომელიც ეხებოდა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებას.

ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მინდა ავუხსნა, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული ყველა ღონისძიება, აბსოლუტურად ყველა შეზღუდვა და ყველა რეკომენდაცია, რომელიც არსებობს, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთს, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ ზიანი, რომელიც შეიძლება „კოვიდ 19“-მა მიაყენოს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს მოქალაქეებს.

ყველა რეგულაციის, ყველა შეზღუდვის მიზანია, დავიცვათ ჩვენი თითოეული მოქალაქის სიცოცხლე, მაქსიმალურად შევაფერხოთ „კოვიდ 19“-ის გავრცელება და ჩვენს მართლაც რომ გმირ ექიმებს მივცეთ იმის საშუალება, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს მისცენ მაღალი ხარისხის მომსახურება. შესაბამისად, შეძლონ მათი სიცოცხლისთვის ბრძოლა“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.