ირაკლი ჩიქოვანი - თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ლოგიკური გაგრძელება იქნება
ირაკლი ჩიქოვანი - თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ლოგიკური გაგრძელება იქნება

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება იქნება ლოგიკური გაგრძელება იმ სტრატეგიული პარტნიორობისა, რომელიც აშშ-საქართველოს შორის არსებობს, – ასე გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი გამოცემა „ფაინენშალ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც საქართველოს ეძღვნება.

პრემიერის მრჩევლის შეფასებით, პუბლიკაცია მოიცავს მნიშვნელოვან გზავნილებს, როგორ უნდა განვითარდეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ისედაც მაღალ დონეზე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა.

„ის, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება იქნება ლოგიკური გაგრძელება იმ სტრატეგიული ურთიერთობისა, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებობს, ეს საქართველოს მთავრობისთვის ნათელია და ამ მიმართულებით, დიდი ხანია ვმუშაობთ. საქართველო არის აშშ-ის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი რეგიონში. ჩვენი ურთიერთობა მრავალგანზომილებიანია და ვთანამშრომლობთ ბევრი მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილებას ექნება რამდენიმე განზომილება – პოლიტიკური, ეკონომიკური და რა თქმა უნდა, სტრატეგიული. ეს იქნება ნათელი გზავნილი ყველა სახელმწიფოსთვის, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება და ეს განვითარება მოიცავს ეკონომიკურ განზომილებასაც“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გამოცემა „ფაინენშალ თაიმსმა“ საქართველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სათაურით – „აშშ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების დრო დადგა“. სტატია აშშ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში მისი კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს მიმოიხილავს. სტატიის ავტორი წერს, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა განსაკუთრებულად მზარდია და შესაბამისად, აშშ-ისთვის ის წარმოადგენს საუკეთესო პარტნიორს შავი ზღვის რეგიონში.  პუბლიკაციაში მოყვანილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ციტატა, რომელიც აღნიშნავს, რომ საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა, იყოს რეგიონული ცენტრი და კარიბჭე ამერიკული კომპანიების მსხვილ ბაზრებზე წვდომისთვის.

დატოვე კომენტარი