ირაკლი ჩიქოვანი - შვეიცარია წლების განმავლობაში იცავს საქართველოს ინტერესებს და მათი ინიციატივით შედგა ზალკალიანისა და ლავროვის კომუნიკაცია
ირაკლი ჩიქოვანი - შვეიცარია წლების განმავლობაში იცავს საქართველოს ინტერესებს და მათი ინიციატივით შედგა ზალკალიანისა და ლავროვის კომუნიკაცია

მზად ვართ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობით გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია,- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა გაერო-ს ასამბლეაზე დავით ზალკალიანსა და სერგეი ლავროვს შორის გამართული შეხვედრის კომენტირებისას გააკეთა.

„მნიშვნელოვანია, რომ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე, როგორც აქამდე, ვიდრე გაერო-ს გენერალური დებატები დაიწყებოდა, ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან იმ ძალიან დაძაბულ ვითარებაზე, რომელიც არსებობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ. ყველასათვის ცხადი იყო, რომ ამ დონის ესკალაცია ჩვენ დიდი ხანია, არ გვქონია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წლებია, ვცხოვრობთ ოკუპაციის რეჟიმში, უკვე ვხედავთ, რომ მიდის აქტიური მილიტარიზაცია, ვხედავთ, რომ არის პროვოკაციული ქმედებები, გახშირებულია ჩვენი მოქალაქეების გატაცებები და ამ რეალობას ყველა კარგად აღიქვამს საერთაშორისო თანამეგობრობაში,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერის მრჩევლის თქმით, ქართულმა მხარემ გაერო-ს ფორმატი გამოიყენა, რომ ამ საკითხების აქტუალიზაცია ყოფილიყო.

„ყველამ კარგად დაინახა, რომ აუცილებელი იყო და რჩევაც არსებობდა, რომ აუცილებელია კონტაქტი, რომელიც მიმართული იქნება დეესკალაციისკენ. რაც შეეხება შვეიცარიის მონაწილეობას, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ შვეიცარია წლების განმავლობაში იცავს საქართველოს ინტერესებს, ქართული ინტერესების გამომხატველია და მათი ინიციატივით ეს კომუნიკაცია შედგა. რა თქმა უნდა, ამ შემოთავაზების ფონზე იყო კომუნიკაცია სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენ გაცხადებული საერთაშორისო პოლიტიკა გვაქვს, რომ ოკუპაციასთან მიმართებაში ვმოქმედებთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და მათთან კოორდინაციით და შესაბამისად, მხოლოდ ამის შემდეგ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მოვახდინოთ არსებული ვითარების დეესკალაცია. ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით და საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობით, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მოხდეს ადგილზე სიტუაციის დეესკალაცია. ეს ღონისძიება, რომელიც გაერო-ში ტარდება იქნა დანახული შესაძლებლობად, შესაბამისად ეს დაკოორდინირდა და ამის ფონზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, შეხვედრის მიზანი იქნება ვითარების დეესკალაცია და რა თქმა უნდა, საუბარი იქნება იმაზე, რომ ის რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელზეც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, ეს არის მიუღებელი ყველასთვის, ეს არის მიუღებელი ჩვენთვის და აუცილებლად საჭიროა გადაიდგას ნაბიჯები,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი განცხადებით, ყოველ შემოდგომაზე გაერო-ს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატები არის პოლიტიკური ეპიცენტრი, სადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იყრის თავს.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს დღეს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი.