ირაკლი ჩიქოვანი - შალვა პაპუაშვილის სახით დავასახელეთ კანდიდატი, რომელიც იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ახალი სახე, რომელმაც ძალიან სწრაფად დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი პოლიტიკაში
ირაკლი ჩიქოვანი - შალვა პაპუაშვილის სახით დავასახელეთ კანდიდატი, რომელიც იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ახალი სახე, რომელმაც ძალიან სწრაფად დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი პოლიტიკაში

შალვა პაპუაშვილის სახით ჩვენ დავასახელეთ კანდიდატი, რომელიც იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ახალი სახე და, რომელმაც ძალიან სწრაფად დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მან ძალიან კარგად დაანახა ყველას, რომ თანმიმდევრული მუშაობით შეუძლია ძალიან პირდაპირი და საქმიანი კომუნიკაცია აბსოლუტურად ყველა აქტორთან. ასევე, მის სახელთან არის დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. შალვა პაპუაშვილი არის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და მისი კანდიდატურის დასახელება იყო აბსოლუტურად ლოგიკური“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ამ განცხადებით ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას უპასუხებს ოპონენტთა შეფასებებს, რომ შალვა პაპუაშვილის შერჩევით მმართველი პარტია პარლამენტში პარტიული ხაზის გაძლიერებას ცდილობს.

მისი თქმით, უმრავლესობა, რომელიც დღეს პარლამენტშია წარმოდგენილი, არის პარტიის გაგრძელება და არის პარტიული უმრავლესობა.

„ეს არის პარტია „ქართული ოცნების“ უმრავლესობა, ადამიანები, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, როგორც სიით, ასევე მაჟორიტარული ოლქებიდან და მათ შორის, მეც. ეს არის თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ გუნდი და პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს პარლამენტში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რას უკავშირდება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებები, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ პარტიულ სტრუქტურულ საკითხებს და პარტიულ განვითარებას უკავშირდება.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია გავრცელებული ინფორმაცია, რომლის შესახებაც ოპოზიცია საუბრობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ცვლილების შემდეგ შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები მთავრობაშიც განხორციელდეს, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

შეკითხვაზე, რა ვადაში იქნება ცნობილი ახალი ჯანდაცვის მინისტრის ვინაობა, ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ მინისტრობის კანდიდატურის დასახელება თავიდან ბოლომდე პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს პრემიერი უახლოეს მომავალში დაასახელებს.