ირაკლი ჩიქოვანი - სამწუხაროა, რომ მნიშვნელოვანი მედიასაშუალების ეთერში საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ხვდება, რასაც „ქართული ოცნების“ მხრიდან კონკრეტული პასუხი გაეცა
ირაკლი ჩიქოვანი - სამწუხაროა, რომ მნიშვნელოვანი მედიასაშუალების ეთერში საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ხვდება, რასაც „ქართული ოცნების“ მხრიდან კონკრეტული პასუხი გაეცა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ცუდია, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ხვდება ისეთი მედიასაშუალების ეთერში, როგორიც „სიენენია“.

მისივე თქმით, აქედან ჩანს, რამხელა მასშტაბის დაპირისპირებაა საქართველოს წინააღმდეგ.

როგორც ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადებით არასწორ ინფორმაციას კონკრეტული პასუხები გაეცა.

„ძალიან ცუდია, სამწუხაროა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი მედიასაშუალების ეთერში ხვდება არასწორი ინფორმაცია – საქართველო წარმოჩენილია ნეგატიურ კონტექსტში და ამ ინფორმაციით მედიასაშუალების წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. ჩვენ ვხვდებით, რამხელა მასშტაბის დაპირისპირებაა საქართველოს წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, მგონია, ძალიან კონკრეტული პასუხი იქნა გაცემული კონკრეტული არგუმენტებით, სადაც აჩვენეს, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური წინსვლა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე არის დაყრდნობილი.

რუსეთთან ეკონომიკური კავშირების ზრდას რაც შეეხება, ჩვენ ექსპორტის მაჩვენებლები გაგვეზარდა ძალიან ბევრ ქვეყანასთან. რუსეთთან გაზრდილი ექსპორტი საშუალოზე დაბალია. აქედან გამომდინარე, ომით ან ომის შედეგებით სარგებლობაზე საუბარი უსაფუძვლო, მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.