ირაკლი ჩიქოვანი  - საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე ვიმოქმედებთ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანაში იქნება
ირაკლი ჩიქოვანი - საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე ვიმოქმედებთ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანაში იქნება

აპრილის შუა რიცხვებში და აპრილის ბოლოს ვიმოქმედებთ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანაში იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, ყველა გადაწყვეტილება არსებულ რეალობასა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციებს დაეყრდნობა.

„როგორც იცით, საკოორდინაციო საბჭოს და მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეყრდნობა პროფესიონალების, მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგების დასკვნებს, ასევე იმ გათვლებსა და მოლოდინებს, რომლებიც შესაძლებელია, ჩვენ გვქონდეს ჩვენი რეალობის გათვალისწინებით.

ყველა გადაწყვეტილება იქნება შესაბამისად და გაგრძელდება ასეთივე გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ ვიმოქმედებთ აპრილის შუა რიცხვებში და აპრილის ბოლოს ზუსტად იმ ვითარებიდან გამომდინარე, რა ვითარებაც იქნება ჩვენს ქვეყანაში.

რა თქმა უნდა, საუბარი იმაზე, რომ დღეს კონკრეტული გადაწყვეტილებაა, არ იქნება სწორი, თუმცა ყველა გადაწყვეტილება კიდევ ერთთხელ დაეყრდნობა იმ რეალობას, რა რეალობაც იქნება ქვეყანაში, ჩვენ დავეყრდნობით იმ რეკომენდაციებს, რასაც მივიღებთ ჩვენი მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგებისგან“ , – აღნიშნა ჩიქოვანმა.

ახალი ტიპის კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე არის გამოცხადებული.

დატოვე კომენტარი