ირაკლი ჩიქოვანი - საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებმა დაასკვნეს, რომ 2020 წლის არჩევნები იყო კონკურენტული და პარტიებს შეეძლოთ, კამპანია თავისუფლად ეწარმოებინათ
ირაკლი ჩიქოვანი - საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებმა დაასკვნეს, რომ 2020 წლის არჩევნები იყო კონკურენტული და პარტიებს შეეძლოთ, კამპანია თავისუფლად ეწარმოებინათ

მიუხედავად ხარვეზებისა, საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებმა დაასკვნეს, რომ 2020 წლის არჩევნები იყო კონკურენტული, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და პარტიებს შეეძლოთ, კამპანია თავისუფლად ეწარმოებინათ, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, რომელზეც საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს განიხილავენ.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველო მოწოდებულია, დარჩეს მოწინავე დემოკრატიულ, რეფორმატორ სახელმწიფოთა შორის და შემდგომშიც გაითვალისწინოს რეკომენდაციები.

„მსურს, მადლობა გადავუხადო მონიტორინგის კომიტეტის წევრებს გაწეული ძალისხმევისთვის და პერსონალურად, ბატონ იენსენს, რომელიც მომხსენებელი იყო და საქართველოს საკითხზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდგომ, საქართველომ დრამატული ტრანსფორმაცია განიცადა. 2020 წელს კი ამ ტრანსფორმაციის კულმინაცია მოხდა – საქართველო მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტი გახდა. მჯერა, რომ პანდემიის ფონზე, ჩვენ დავტოვეთ კვალი და გავამდიდრეთ ევროპის საბჭოს დღის წესრიგი. ჩვენთვის პრიორიტეტულ საკითხებს – ადამიანის უფლებებს და გარემოს დაცვას, ჰქონდა ფართო მხარდაჭერა, მათ შორის, პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატებისგანაც.

გვესმის, რომ დემოკრატია არ არის სტატიკური, ის მეტი მონაწილეობისკენ, დაცულობისა და ჩართულობისკენ მუდმივი სწრაფვაა და სწორედ ამიტომ, ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, ვაგრძელებთ ჩვენი ევროპული გზის დაგეგმვას.

რაც შეეხება ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, მსურს, თქვენი ყურადღება შევაჩერო მმართველი პარტიის ახალ დღის წესრიგზე, რომელსაც სახელად „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა“ ეწოდება და რომელიც არის სტრატეგიული ეტაპი საქართველოსთვის, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად. კოლეგებო, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ცხარე წინააღმდეგობები უძღოდა წინ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს საქართველოში, თუმცა, ჩვენ შევძელით, ჩამოგვეყალიბებინა ისეთი სისტემა, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე ინკლუზიურ და მრავალპარტიულ პარლამენტამდე მიგვიყვანდა.

მიუხედავად ხარვეზებისა, საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებმა დაასკვნეს, რომ 2020 წლის არჩევნები იყო კონკურენტული, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და პარტიებს შეეძლოთ, კამპანია თავისუფლად ეწარმოებინათ. ურჩი და „ყველაფერი ან არაფერი“ პრინციპით მოხელმძღვანელე რიგი ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ იმ მანდატებზე, რომელიც მათ ქართველმა ხალხმა მიაკუთვნა. ამავე დროს, გვესმის, რომ არ უნდა გავჩერდეთ, ჩვენ მზად ვართ, რომ განვახორციელოთ მეტი რეფორმა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მეშვეობით, უმაღლეს დონეზე გამოვიძიოთ თითოეული ბრალდება. საქართველო მოწოდებულია, დარჩეს მოწინავე დემოკრატიულ, რეფორმატორ სახელმწიფოთა შორის და შემდგომშიც გაითვალისწინოს რეკომენდაციები, მათ შორის, თქვენი რეკომენდაციები.

ჩვენ უკვე ავიღეთ ვალდებულება, რომ ამას გავაკეთებთ და ასე მოხდება კიდეც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, ცარიელი და უსაბუთო ბრალდებების მსხვერპლნი გავხდეთ“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება. ჩიქოვანმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა.

„ძვირფასო კოლეგებო, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე. ამ რეგიონებში მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებასთან ერთად, გრძელდება ადამიანთა ტანჯვაც. გლობალურმა პანდემიამ კიდევ გაამწვავა საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა. რამდენიმე დღის წინ, აქედან არც ისე შორს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველომ იზეიმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება მის თანამედროვე ისტორიაში. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ფედერაცია იურიდიულად არის პასუხისმგებელი საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევაზე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს და ომის შემდეგ. ჩვენ, ქართველებს, როგორც რიგით ევროპელებს, გვჯერა, რომ საერთაშორისო სამართლის მტკიცე პრინციპები გაიმარჯვებს და ადამიანის უფლებები დაცული იქნება“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შესახებ ანგარიში რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ანგარიშის ავტორია ტინი კოქსი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული, ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული. ამასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ყველა პარტიას მოუწოდებს, ახალ პარლამენტში დაიკავონ ადგილები და მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას ძირი არ გამოუთხარონ.

დატოვე კომენტარი