ირაკლი ჩიქოვანი - „ნაციონალური მოძრაობა“ ცრუობს, ედემ თოდუა პირდაპირ საუბრობს, რომ არანაირი ზეწოლა ან იძულება მასზე არ ყოფილა
ირაკლი ჩიქოვანი - „ნაციონალური მოძრაობა“ ცრუობს, ედემ თოდუა პირდაპირ საუბრობს, რომ არანაირი ზეწოლა ან იძულება მასზე არ ყოფილა

ზუგდიდში მორიგ ჯერზე ჩამოსულმა პოლიტიკოსებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იცრუეს, – ამის შესახებ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვნმა განაცხადა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის,  ლევან ბეჟაშვილის ბრალდებებს უპასუხა. ბეჟაშვილის განცხადება პარტიიდან ედემ თოდუასა და სხვა კოორდინატორების წასვლის საკითხს უკავშირდებოდა. მან ხელისუფლება გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანიაში დაადანაშაულა.

ჩიქოვანის თქმით, ედემ თოდუამ დღეს თავადვე განაცხადა მედიასთან, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.

„ისინი შეეცადნენ, რაღაც ისე წარმოეჩინათ საზოგადოებისთვის, რაც რეალობაში არ იყო. ვერ გეტყვით, როგორი მენეჯმენტი აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და როგორ იყვნენ ან როგორ ტოვებენ საკუთარ კოორდინატორებს. ჰქონდათ მენეჯმენტის პრობლემა. ედემ თოდუა პირდაპირ საუბრობს, რომ არანაირი ზეწოლა, არანაირი შეთავაზება, არანაირი მოსყიდვა ან რამე ფორმით იძულება მასზე არ ყოფილა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, განვითარებული პროცესები ცხადყოფს, რომ კამპანია, რომელიც „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატს, გიორგი შენგელიას აქვს, დამყარებულია უკეთეს შეთავაზებაზე.

„ეს ცხადყოფს იმას, რომ ზუგდიდში კამპანია, რომელიც აქვს გეგა შენგელიას და კამპანია, რომელსაც ვმართავ მე, აბსოლუტურად დამყარებულია იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს უკეთესი შეთავაზება ზუგდიდელებისთვის, ზუგდიდისთვის უკეთესი შესაძლეობების შექმნა შეგვიძლია, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“. „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანი კი, მდგომარეობს პროვოკაციაში და მორიგ ჯერზე კვლავაც ამ ქალაქში, ზუგდიდში, სამეგრელოში პოლიტიკური ეპიცენტრის შექმნა, რომელიც არაფერზე იქნება დაყრდნობილი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს ვინმემ ედემ თოდუა მოისყიდა. ამასთან, ჩიქოვანის თქმით, თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია მსგავსი ფაქტის შესახებ, შეუძლიათ, სამართალდამცველებს მიმართონ.

„თუ ედემ თოდუას, ნებისმიერ ადამიანს, ლევან ბეჟაშვილიდან დაწყებული და ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსი დასრულებული, აქვს ასეთი ინფორმაცია, შეუძლიათ მიმართონ სამართალდამცველებს, გამოაქვეყნონ, გაასაჯაროონ და გპირდებით, რომ ადამიანი, რომელიც ვინმეს რამეზე აიძულებს, ნამდვილად იქნება დასჯილი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ 30-მდე კოორდინატორმა ხელფასების გადაუხდელობის მიზეზით დატოვა, მათ შორის იყვნენ ედემ თოდუა და გოგა ზუხბაია.