ირაკლი ჩიქოვანი - ჯანდაცვის სფეროში დიდი გამოწვევები გადაილახა, თუმცა ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ და მეტი რესურსი ჩავდოთ
ირაკლი ჩიქოვანი - ჯანდაცვის სფეროში დიდი გამოწვევები გადაილახა, თუმცა ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ და მეტი რესურსი ჩავდოთ

ჯანდაცვის სფეროში დიდი გამოწვევები იქნა გადალახული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს გამოწვევები დასრულებულია და ჩვენ უნდა გავჩერდეთ – პირიქით, ვსაუბრობთ იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტი რესურსი უნდა დაიხარჯოს და კიდევ უფრო მეტი თანხა უნდა ჩადოს სახელმწიფომ ამ ყველაფერში – ჩვენგან გაქვთ სრული მხარდაჭერა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს მოხსენებას, რომელიც „მინისტრის საათის“ ფორმატში მოისმინეს.

დეპუტატის შეფასებით, ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებში მიღწეული შედეგები შთამბეჭდავია.

„ამ წლების განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში მიღწეული შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ დღეს აქ იშვიათად საქმიანი დებატი იმართება, რაც კარგია.  თუმცა, შევუერთდები ქალბატონ ანას და გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენ მინისტრთან კომუნიკაცია არ გვაკლია, მაგრამ სამწუხაროა, რომ თქვენი კოლეგები ამ შესაძლებლობას არ იყენებენ და სამწუხაროა, რომ ის ვინც იყენებს, მათთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს ერთი ადამიანი და სხვა არავინ ამ ქვეყანაში. ეს ასე იყო და სამწუხაროდ, ასე გრძელდება –  ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს. რაც შეეხება იმას, რა რეფორმებიც გატარდა ჩვენს ქვეყანაში სოციალური მიმართულებით, ეს მართლაც არის თვალსაჩინო და რეალურად წარმოაჩენს, რა სოციალური სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ვაშენებთ და სახელმწიფოს, რომელიც ზრუნავს ყველაზე, ვისაც ეს სჭირდება. აქვს თუ არა ამის შესაძლებლობა სახელმწიფოს? ნამდვილად არ აქვს საკმარისი იმ ეკონომიკის და იმ მთლიანი შიდა პროდუქტის პირობებში, რომელიც გვაქვს და რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტის გაკეთება გვსურს, მაგრამ ეს არის აბსოლუტური მაქსიმუმი, რომლის შესაძლებლობა არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანმა დევნილთა განსახლების მიმართულებით მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრა და ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„წარმოუდგენელია, შეუდარებელია ციფრები, რომელიც უკავშირდება დევნილების განსახლებას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. არ შემიძლია, არ შევეხო იმ საკითხებს, რომელიც ახსენეს ოპოზიციის წევრებმა. გეტყვით იმასაც, რომ სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც იღებენ ამ ბინებს, რომლებიც სახელმწიფოსგან ღებულობენ განსახლების უზრუნველყოფას, აქირავებენ ამ ბინებს. მაგრამ რაც შეეხება თქვენს განცხადებას, რომ ვიღაც დაუმსახურებლად იღებს ამ ბინებს და თქვენ გაქვთ კონკრეტული სახელები და გვარები, მოგიწოდებთ, რომ გამოაცხადოთ ეს კონკრეტული ადამიანები და თქვით, ვინ არის ის ადამიანი ან პირთა წრე, ვინც ასეთი ბინა მიიღო. მეორეს მხრივ, ხაზი მინდა, გავუსვა იმას, რომ ზუგდიდში მართლაც არსებობს კომპაქტური ჩასახლებების პრობლემები, მაგრამ  გვქონდა შესაძლებლობა, როგორც მთელი სახელმწიფოს მასშტაბით გვეთქვა, რომ 2024 წელი არის ის წელი, რა პერიოდშიც ჩვენ ვგეგმავთ, რომ კომპაქტური ჩასახლებების პრობლემა მოვაგვაროთ.  მართლაც, წარმოუდგენელია რიგ შემთხვევებში ის მდგომარეობა, რომელიც არის ამ კომპაქტურ ჩასახლებებში, მაგრამ მეორეს მხრივ, ამავდროულად, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ ერთიანად ყველა ამ პრობლემას ვერ ვაგვარებთ, მაგრამ სახელმწიფოს შემუშავებული აქვს კონკრეტული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ყველაზე დიდი აუცილებლობის მქონე, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის და ეს განპირობებულია არა მხოლოდ კომპაქტურ ჩასახლებაში ყოფით, არამედ ოჯახური მდგომარეობით, ასევე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, ასევე, სხვა საკითხები, რომლითაც იქმნება ეს საერთო ქულების რაოდენობა და ამით ცდილობს სახელმწიფო ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ეს საკითხი მოაგვაროს“,- განაცხადა დეპუტატმა. მისივე თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მუშაობს იმ საკითხების მოგვარებაზე, რომლების შესახებაც პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

დატოვე კომენტარი