ირაკლი ჩიქოვანი - ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, Lufthansa-სთან შეთანხმება მიღწეულია
ირაკლი ჩიქოვანი - ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, Lufthansa-სთან შეთანხმება მიღწეულია

ევროკავშირის იმ ხუთი ქვეყნის მიმართულებით რომელთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, ჩვენ ვაწარმოებთ კონკრეტულ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან. მათ შორის, Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ აგვისტოდან კვირაში ორი რეისი განხორციელდება, ასევე, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს AirBaltic-სა და AirFrance-თან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით დანიშნული სპეციალური რეისების განრიგი და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთის ფასი 200 ევროს არ გადააჭარბებს.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, სპეციალურ რეისებს განახორციელებს ორი ავიაკომპანია – Wizzair-ი და Myway Airlines-ი: 13 ივლისი – ვარშავა, 15 ივლისი – ბარსელონა, 17 ივლისი – რომი, 22 ივლისი – პარიზი, 28 ივლისი – ათენი. აღნიშნულ რეისებზე ბილეთების ფასი როგორც აქამდე საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. ასევე, შეგახსენებთ, რომ კომერციულ ჩარტერულ რეისებს ახორციელებს ქართული ავიახაზები „აირზენა“ შემდეგ ქალაქებში : ვენა, ამსტერდამი და თელ-ავივი. აქვე გაცნობებთ, რომ უახლოეს დღეებში განხორციელდება ერთჯერადად სპეციალურ რეისი კატარის დედაქალაქიდან, დოჰადან, საიდანაც საქართველოს 105 მოქალაქე დაბრუნდება სამშობლოში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე ნარჩუნდება იგივე რეჟიმი, რა რეჟიმიც დღეს მოქმედებს. საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ევროკავშირის წევრ პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციების შესაბამისად 2 კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა ისე ჩვენი მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ყველა გადაწყვეტილება რომელიც არის მიღებული ეყრდნობა ამ ორ მთავარ პრიორიტეტს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ქვეყანაში როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.