ირაკლი ჩიქოვანი - ჩინეთში შეხვედრები გრძელდება, ყველგან ესმით არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობა, ყველა აფასებს შესაძლებლობებს, რომლებიც გვაქვს შუა დერეფნის განვითარების კუთხით
ირაკლი ჩიქოვანი - ჩინეთში შეხვედრები გრძელდება, ყველგან ესმით არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობა, ყველა აფასებს შესაძლებლობებს, რომლებიც გვაქვს შუა დერეფნის განვითარების კუთხით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ჩინეთში ვიზიტი გრძელდება, რომლის ფარგლებშიც დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან გაიმართა შეხვედრა.

ჩიქოვანის თქმით, ყველგან ესმით ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობა, ასევე, ყველა მნიშვნელოვნად აფასებს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც საქართველოს აქვს შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით.

„ჩინეთში ვიზიტი გრძელდება. დღეს გვქონდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან. ძალიან პოზიტიური და დადებითი შეხვედრა იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბსოლუტურად ყველგან ესმით იმ თანამშრომლობის მნიშვნელობა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება, რომელიც შარშან იქნა მიღებული ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ძალიან პოზიტიური და დადებითია. მეორე მხრივ, ყველა მნიშვნელოვნად აფასებს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის სფეროები არის მრავალფეროვანი. თანამშრონლობისთვის მზად ვართ როგორც ეკონომიკური, კულტურული თვალსაზრისით, ასევე ხალხთაშორის ურთიერთობის თვალსაზრისით. ეს არის ძალიან პოზიტიური შედეგი და დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ იმ ეტაპს, რა ეტაპზეც ვართ ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით, აქვს ძალიან დიდი პერპექტივები. ამ პერსპექტივების რეალიზებისთვის არის ორივე მხარე მზად“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, როდესაც საუბარია საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე, ქვეყნის გაძლიერებაზე საერთო სავაჭრო ურთიერთობებში, ჩინეთს უზარმაზარი მნიშვნელობის როლი აქვს, რომელიც აუცილებლდ უნდა იქნას გამოყენებული.

„ამ თვალსაზრისით, ეს თანამშრომლობა არის ძალიან ხაზგასასმელი, ვინაიდან აუცილებელია, რომ წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ჩვენ გვქონდეს პოზიტიური ურთიერთობები ისეთ სახელმწიფოებთან, როგორიც ჩინეთია. აქვე ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა, რომელიც ხელს აძლევს ნებისმიერ ბიზნესმენს, აწარმოოს ბიზნესი საქართველოში. შესაბამისად, ჰქონდეს შესაბამისი კონტაქტები და შესაბამისი სავაჭრო ურთიერთობები როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ასევე ევროკავშირთან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.