ირაკლი ჩიქოვანი - ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობას, ხედავენ პოტენციალს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას
ირაკლი ჩიქოვანი - ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობას, ხედავენ პოტენციალს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობას.

ჩიქოვანის განმარტებით, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, სავაჭრო ურთიერთობებს, თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებსა და შუა დერეფნის პროექტს.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა კომერციის სამინისტროში, მინისტრის მოადგილესთან, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოსთან ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს. მინდა, გითხრათ, რომ შეხვედრაზე განხილულ იქნა აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთიობებს. ძალიან დიდი სიხარულით მინდა, ვთქვა, რომ ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას, რომელიც აქვს საქართველოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნები ზომით განსხვავდებიან და ეკონომიკები აბსულუტურად სხვადასხვა ზომის არის, ისინი ხედავენ იმ პოტენციალს, რომელიც აქვს საქართველოს, როგორ შეიძლება, იქნას გამოყენებული საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა, როგორ შეიძლება, ხელი შეეწყოს საქართველოში ბიზნესის წარმოებას და ქართველი ბიზნესმენებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, ასევე, ჩინელ კოლეგებს და პარტნიორებსაც ძალიან კარგად აქვთ გააზრებული ის შესაძლებლობები, რომლებსაც ქმნის ჩვენი თანამშრომლობა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაშიც, რომლებიც მონაწილეობენ შუა დერეფნის პროექტის განხორციელებაში. ჩვენ ვისაუბრეთ ამ პროექტების დეტალებზე. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ დინამიკურად ვითარდება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, მაგრამ ვხედავთ შესაძლებლობებს, ვხედავთ იმ საკითხებს, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებულია და რაზეც უნდა მოვახდინოთ ფოკუსი, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს თანამშრომლობის შედეგები“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთში ვიზიტით იმყოფება. მმართველი პარტიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე.