ირაკლი ჩიქოვანი - აშშ, როგორც სტრატეგიული და სანდო პარტნიორი, ყოველთვის მოქმედებს იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს სახელმწიფოსთვის
ირაკლი ჩიქოვანი - აშშ, როგორც სტრატეგიული და სანდო პარტნიორი, ყოველთვის მოქმედებს იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს სახელმწიფოსთვის

ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული და სანდო პარტნიორი ჩვენი ქვეყნისთვის, მოქმედებს ყოველთვის იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მოსახლეობისთვის და საქართველოს სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ძალიან საქმიანი.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, აქვთ ძალიან ინტენსიური შეხვედრები, როგორც რესპუბლიკური პარტიის, ასევე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ კონგრესმენებთან.

„საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიც არის რეგიონული უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ალიანსმა მიიღო და რომელიც ეხება ავღანეთიდან საჯარისო ნაწილების გამოყვანას და ასევე სამომავლო პერსპექტივებს და თანამშრომლობის საკითხებს.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში არსებობს და იმ ხელოვნურ კრიზისზე, რომელიც სახელმწიფოში გვაქვს. ჩვენი მხრიდან იქნა წარდგენილი კონკრეტული ანგარიში, იმასთან დაკავშირებით, თუ რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკების პროცესი. ასევე ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვახდენთ გარკვეულ კოორდინირებას, თუ როგორ შეიძლება, სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმს, სადაც საშუალება გვექნება, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში და ფუნქციონირებადი დემოკრატიული ინსტიტუტების პირობებში შევძლოთ ყველა იმ გამოწვევის გამკლავება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის უმნიშვნელოვანესია, იყოს ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი საქართველო, რომელშიც პარტიები იღებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს და მუშაობენ, ამართლებენ ნდობას, რომელიც მათ აქვთ საკუთარი ამომრჩევლის მხრიდან მიღებული და მუშაობენ საქართველოს პარლამენტში“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვხედავთ იმას, რომ შემდეგი პერიოდის განმავლობაში, იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანი სამხედრო ესკალაცია მიმდინარეობს უკრაინის საზღვრებთან, ესეც გამოწვევაა ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას, კვლავაც გექნებათ კოორდინირებული ხედვა და მიდგომა იმ გამოწვევების მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია.

თქვენ როგორც იცით, მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ქალბატონი კელი დეგნანი და ვიდრე პრეზიდენტი შარლ მიშელის წარმომადგენელი ჩამოვიდოდა თბილისში ქალბატონი კელი დეგნანი და ბატონი კარლ ჰარცელი იყვნენ უშუალო ფასილიტატორები ამ შეხვედრების. მე არ ვიტყვი იმას, რომ რაიმე ფორმით როდესმე შემცირებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების როლი მოლაპარაკების პროცესში. ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული და სანდო პარტნიორი ჩვენი ქვეყნისთვისთვის, მოქმედებს ყოველთვის იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მოსახლეობისთვის და საქართველოს სახელმწიფოსთვის“,- განაცხადა ჩიქოვანმა.