ირაკლი ჩიმაკაძე - ალ-ბაღდადის ლიკვიდაციიდან მოკლევადიან პერსპექტივაში „ისლამური სახელმწიფოს“ დასუსტება სავარაუდოა, თუმცა ლიდერის უსწრაფესი დასახელება შესაძლოა, ახალ გეგმაზე მიუთითებდეს
ირაკლი ჩიმაკაძე - ალ-ბაღდადის ლიკვიდაციიდან მოკლევადიან პერსპექტივაში „ისლამური სახელმწიფოს“ დასუსტება სავარაუდოა, თუმცა ლიდერის უსწრაფესი დასახელება შესაძლოა, ახალ გეგმაზე მიუთითებდეს

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შემდგომ, მოკლევადიან პერსპექტივაში „ისლამური სახელმწიფოს“ დასუსტება სავარაუდოა, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ახალი ლიდერის უსწრაფესი დასახელება ტერორისტული ორგანიზაციის ახალ სამოქმედო გეგმაზე გადასვლას მიუთითებდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა განუცხადა.

როგორც ირაკლი ჩიმაკაძემ აღნიშნა, ქართული მხარე ამერიკელ პარტნიორებზე დაყრდნობით ფლობს ინფორმაციას ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ.

„ამერიკელ პარტნიორებზე დაყრდნობით ვფლობთ ინფორმაციას, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იდლიბის პროვინციის მახლობლად ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური დანიშნულების ძალების მიერ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია განხორციელდა. ბაღდადი წლების განმავლობაში მსოფლიოს სპეცსამსახურების ნომერ პირველ სამიზნეს წარმოადგენდა“, – აღნიშნა ირაკლი ჩიმაკაძემ.

მისივე თქმით, საქართველო საწყის ეტაპზევე შეუერთდა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ გლობალურ კოალიციას, სახელმწიფო ჩართულია საერთაშორისო ძალისხმევაში და მუდმივად აძლიერებს ტერორიზმთან ბრძოლის შესაძლებლობებს ეროვნულ დონეზე.

„ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს წვლილი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებულია. ამასთან, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ფასდაუდებელია ამერიკელი კოლეგების მიერ გაწეული დახმარება სხვადასხვა კუთხით და მხარდაჭერა ტერორიზმთან ბრძოლის ამ მეტად რთულ გზაზე. ამავე დროს უნდა აღვნიშნო, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე წარმატებული კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა ქვეყნის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც ქვეყანაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაგეგმილი ტერორისტული და სხვა სახის აქტივობები ადრეულ ეტაპზევე იქნა აღკვეთილი“, – განაცხადა სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა.