ირაკლი ჭეიშვილი – ყულევის ქარხნის ხელმძღვანელობამ წარადგინა არგუმენტები, რომ სანქცირებული ტვირთის მოძრაობა არ ყოფილა, იმედია, სანქციები არ ამოქმედდება
ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი საწარმო არის კერძო კომპანია, შესაბამისად, მართვის პროცესში საქართველო არ ერევა, საქართველო აკონტროლებს იმას, რომ ამ ტერმინალში დასანქცირებული ტვირთის მოძრაობა არ მოხდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ყულევის ხელმძღვანელობამ არგუმენტები წარადგინა, რომ სანქცირებული ტვირთის მოძრაობა არ ყოფილა.
„სანქციებს ექვსი თვის ვადა აქვს და როგორც ვიცი, ყულევის ხელმძღვანელობამ შესაბამისი არგუმენტები წარადგინა, რომ იქ სანქცირებული ტვირთის მოძრაობა არ ყოფილა და მსგავსი არც შეიმჩნეოდა. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, ევროკავშირთან საერთო ენას გამონახავენ და სანქციები არ ამოქმედდება. რა თქმა უნდა, შესაძლებლობაა, რომ სანქციები არ ამოქმედდეს და გადახედილი იყოს, რადგან არსებულ კომპანიას არგუმენტები აქვს და იმედია, ევროკავშირთან საერთო ენას ნახავენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება არ ერევა“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების 21-ე პაკეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოპლატფორმები და ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა. ყულევის ქარხნასთან მიმართებაში აღნიშნულია, რომ სანქციები ექვსი თვის შემდეგ უნდა ამოქმედდეს.