ირაკლი ჭეიშვილი მურმან დუმბაძეზე - უხერხულია, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში აკეთებდე განცხადებას და ვინმეს გაყალბებას აბრალებდე
ირაკლი ჭეიშვილი მურმან დუმბაძეზე - უხერხულია, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში აკეთებდე განცხადებას და ვინმეს გაყალბებას აბრალებდე

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური აჭარაში ვითარების გამოსასწორებლად იყო მივლინებული.

მისი შეფასებით, გომელაურის გუშინდელი შეხვედრა აჭარის მთავრობის მოქმედ და ყოფილ ხელმძღვანელებთან ძალების მობილიზაციის მიზნით მოხდა, რომ მმართველმა გუნდმა არჩევნების მეორე ტურში სასურველი შედეგი მიიღოს.

„ღიად და საჯაროდ გეუბნებით, შეწყვიტეთ ამ უავტორიტეტო კადრების, კრიმინალების, ზონდერების, 2004 წელს ხელისუფლებიდან აჭარის მოსახლეობის მიერ განდევნილი რეჟიმის აქა-იქ დარჩენილ მომხრეთა მობილიზება-დამუშავება, რაც დაგაზღვევთ, რომ ხელი არ წაგიცდეთ ბიულეტენებზე და საარჩევნო პროცესებში უხეშ და დანაშაულებრივ ჩარევებზე“, – მიმართავს დუმბაძე ხელისუფლებას.

მისი თქმით, მოქალაქეებს საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში უნდა მიეცეთ.

დუმბაძეს „ქართულ ოცნებაში“ უპასუხეს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი მის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს.

„ჩვენ არც დაგვიმალავს, რომ გომელაური ჩამოვიდა და იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის,  თორნიკე რიჟვაძის კაბინეტში. ჩამოვიდა, რადგან გვაქვს გარკვეული ინფორმაციები უბნებზე არეულობის შესაძლო მცდელობის შესახებ. საუბარი იყო, თუ როგორ ვუზრუნველვყოთ არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება. უხერხულია, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში აკეთებდე განცხადებას და ვინმეს გაყალბებას აბრალებდე“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

დატოვე კომენტარი