ირაკლი ჭეიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციები ფარატინა ქაღალდად რჩება, რადგან ჩვენი პოლიტიკის შეცვლას და კანონების უკან გაწვევას არ ვაპირებთ
ირაკლი ჭეიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციები ფარატინა ქაღალდად რჩება, რადგან ჩვენი პოლიტიკის შეცვლას და კანონების უკან გაწვევას არ ვაპირებთ

ევროპარლამენტის მხრიდან შანტაჟის ენის გამოყენებას ვხედავთ. თავს გვახვევენ, თითქოს ევროკავშირი ჩვენთან სასაუბროდ და დისკუსიისთვის მზად არის, მაგრამ ფაქტები ჩანს, მათ მიერ მიღებულ რეზოლუციებს ვხედავთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება შერჩევით უნდა მოხდეს, სწორედ შანტაჟის ენაა.

„ამ ყველაფრით ჩვენ ჩვენს პოლიტიკას და ხედვას ვერ შეგვაცვლევინებენ. ის, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება შერჩევით უნდა მოხდეს, სწორედ შანტაჟის ენაა. ე.ი. მათ აგენტურას უვიზო მიმოსვლა უნდა ჰქონდეს და დანარჩენს, ვინც იმ კურსს არ ეთანხმება, რომელსაც დღევანდელი ევრობიუროკრატია ატარებს, სავიზო რეჟიმი უნდა ჰქონდეს დაწესებული. სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი და არასწორი პოლიტიკის გატარება საქართველოსთან მიმართებაში. ეს რეზოლუციები ფარატინა ქაღალდად რჩება, რადგან ჩვენ ჩვენი პოლიტიკის შეცვლას არ ვაპირებთ, არც კანონების უკან გაწვევას. ჩვენ მიერ მიღებული კანონები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, იქნება ეს „გამჭვირვალობის შესახებ“ თუ „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონები. ეს კანონები ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, არცერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებთ. ევროკავშირთან დიალოგისთვის მზად ვართ, მაგრამ საქართველოს ხედვასა და პოზიციებს ყველამ პატივი უნდა სცეს“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, 17 ივნისს მიღებულ ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნულია: „მოვუწოდებთ ევროკომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში“.