ირაკლი ჭეიშვილი – ევროკავშირმა უნდა შეცვალოს დღევანდელი მიდგომები საქართველოსთან მიმართებით
ალბათ „თვითნებურად დაკავებულებში“ გულისხმობენ მიხეილ სააკაშვილს, 4 ოქტომბრის ძალადობის აქციაში მონაწილეებს და იმ მომიტინგეებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებისთვის დავაკავეთ. ჩვენ მოძალადეები გვყავს დაკავებულები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.
ჭეიშვილის თქმით, ჩადენილ დანაშაულს ვინც აღიარებს, მათ ათავისუფლებენ.
„თავადაც იციან, რომ ეს ადამიანები მოძალადეები არიან და მათი აღიარების ჩვენების გარეშე, მათი ციხიდან გამოსვლა შეუძლებელი და არასწორია. საფრანგეთის ხელისუფლება ზუსტად იგივეს აკეთებს. საქართველოში მიმდინარე პროცესები რომ გააკრიტიკონ და „მოლოტოვის კოქტეილის“ გამომყენებლები გაამართლონ. ეს ნიშნავს, რომ იგივე უნდათ, გაამეორონ, რასაც საფრანგეთში აქტივისტები სჩადიან. რატომღაც, საქართველოში არ არის დანაშაული, როდესაც „მოლოტოვის კოქტეილი“ პოლიციელს წვავს, მაგრამ ევროკავშირის დღევანდელი შეხედულებით, საფრანგეთში დანაშაულია. საფრანგეთის პოლიციელს როდესაც პარიზის ქუჩებში „მოლოტოვის კოქტეილით“ დაწვავ, ეს კრიმინალი და სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს არასწორი მიდგომაა საქართველოსთან მიმართებით. როგორც ჩანს, ევროკავშირი რიტორიკას არ ცვლის და ეს ძალიან ცუდია.
პაველ ჰერჩინსკი საუბრობს, თითქოს დამნაშავე ჩვენ ვართ და არასწორი პოლიტიკა გვაქვს. არადა, პირიქით ხდება. ევროკავშირს აქვს საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტი და არასწორ პოლიტიკას ატარებს. რატომღაც, რაც საქართველოში მიუღებელია, ის დასაშვებია ევროკავშირის ქვეყნებისთვის. ევროკავშირმა უნდა შეცვალოს დღევანდელი მიდგომები საქართველოსთან მიმართებით და ორმაგი სტანდარტი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულოს. ჰერჩუნსკის ნებისმიერი გამოსვლა ხელისუფლების კრიტიკით იწყება და მის მოსაწონს ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს. თითქოს პატიმრებს ასახელებს, რომ ისინი არიან პოლიტპატიმრები, მაგრამ არ ასახელებს მათ ვინაობას. ალბათ, მიხეილ სააკაშვილს და იმ მოძალადე პატიმრებს გულისხმობს, ვინც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილით“ წვავდნენ“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ბრიფინგზე კითხვა დაუსვეს „ევროკომისიის ანგარიშში უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლების შესახებ ჩანაწერზე“. ჟურნალისტმა ჰერჩინსკის სთხოვა, დაეკონკრეტებინა, ვინ მოიაზრებოდა უსამართლოდ დაკავებულ პირებში. კითხვაზე პასუხად, ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ „არის სურვილი, ადამიანები, რომელთაც, არაპროპორციულად და შერჩევით მიუსაჯეს ხანგრძლივი სასჯელი, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ“.