ირაკლი ჭეიშვილი – ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით რიტორიკა უნდა შეცვალოს, სანქცირება კი არა, საერთო მაგიდასთან უნდა დავსხდეთ და სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ
„ევროპის სახალხო პარტიის“ მხრიდან არაერთი მსგავსი განცხადება მოგვისმენია. ევრობიუროკრატიას საქართველოსთან მიმართებით არასწორი მიდგომა აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ჭეიშვილის თქმით, ევროკავშირი ასეთი რიტორიკით საქართველოსთან ურთიერთობებს ვერ გადატვირთავს.
„ევროკავშირი როცა ამბობს, თითქოს საქართველოსთან ურთიერთობის გადატვირთვა უნდა, ასეთი რიტორიკით ურთიერთობა არ გადაიტვირთება და არათუ გადაიტვირთება, არამედ სამომავლო პერსპექტივაც არ ექნება. ამიტომ, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით რიტორიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
სანქცირება კი არა, საერთო მაგიდასთან უნდა დავსხდეთ და სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ. საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაში იყოს. იმ ევროპაში, რაც მანამდე იყო და არა ახლა რასაც ისინი გვთავაზობენ, რა რიტორიკაც აქვთ საქართველოსთან მიმართებით“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ რეზოლუცია „საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერება“ წარადგინა. როგორც ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაშია აღნიშნული, „მოუწოდებენ ევროკავშირს, გააძლიეროს მიზნობრივი სანქციები და სხვა შემზღუდველი ზომები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებზე“.